
Starbucks-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა: კომპანიამ წლიური პროგნოზი გაზარდა
ამერიკული ყავახანების წამყვანმა კომპანია Starbucks-მა მესამე ფისკალურ კვარტალში $9.32 მილიარდის შემოსავალი მიიღო და უოლ-სტრიტის $9.16-მილიარდიან პროგნოზს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $558.3 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და $1.05 მილიარდი შეადგინა. ამასთან, თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $0.85-ს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $0.66-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კომპანიის საოპერაციო მარჟა 13.6%-მდე გაიზარდა, რასაც ტარიფების დაბრუნებით მიღებულმა კომპენსაციამაც შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გლობალური გაყიდვები იმ ობიექტებში, რომლებიც სულ მცირე 13 თვეა მუშაობენ, 7.9%-ით გაიზარდა და უოლ-სტრიტის 6%-იან მოლოდინს გადააჭარბა. ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე იდენტურ ობიექტებში გაყიდვები 8.1%-ით გაიზარდა. ამ რეგიონში მომხმარებელთა ნაკადი 4.5%-ით, ხოლო საშუალო დანახარჯი 3.5%-ით გაიზარდა. გაუმჯობესება ფიქსირდება საერთაშორისო ბაზრებზე კაფეებიდან მიღებული შემოსავლების კუთხითაც, სადაც გაყიდვები 5.7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა "Refreshers"-ის სასმელების ხაზში, რომლის წლიური შემოსავალიც $2 მილიარდს შეადგენს.
კარგი შედეგების ფონზე, Starbucks-მა მთლიანი ფისკალური წლის პროგნოზი გაზარდა. კომპანიის ახალი გათვლებით, 2026 წლის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $2.55-დან $2.65-მდე დიაპაზონში იქნება, ნაცვლად ადრე ნავარაუდევი $2.25-$2.45-ისა. გლობალური გაყიდვების ზრდის პროგნოზი 6%-ით განისაზღვრა, ხოლო აშშ-ის ბაზარზე ზრდა 6%-ზე მეტითაა ნავარაუდები. გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან ნიკოლმა აღნიშნა, რომ ეს შედეგები "Back to Starbucks" სტრატეგიის ეფექტიანობას მოწმობს. აღსანიშნავია, რომ Starbucks-ი წლის ბოლომდე სულ მცირე 1,500 ობიექტის მოდერნიზაციას გეგმავს, ხოლო თითოეული ობიექტის განახლება საშუალოდ $150,000 დაჯდება.
ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Starbucks-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $104.14-ად იყიდება, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $118.69 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Starbucks-მა ჩინეთის ბაზარზე არსებული ბიზნესის 60%-იანი წილი Boyu Capital-ს მიჰყიდა და ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიის საერთაშორისო ობიექტების 90% ლიცენზირებულ მოდელზე გადავიდა, რამაც საოპერაციო ხარჯების შემცირება და მოგების მარჟის გაზრდა უზრუნველყო.
ცნობისთვის, Starbucks-ი მიმდინარე თვეში საქართველოში, კერძოდ, თბილისშიც გაიხსნა. როგორც "აწარმოე საქართველოში" იტყობინება, მომდევნო თვეებში "სტარბაქსის" გახსნა თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge