
STEP INN: "სექტემბრის ბოლომდე სასტუმრო 60%-ით არის დაჯავშნილი"
ყაზბეგში მდებარე სასტუმრო STEP INN-ში სექტემბრის ბოლომდე წინასწარი ჯავშნები უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე სასტუმრო დაახლოებით 60%-ით არის დაჯავშნილი. ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმროს დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე მოთხოვნის ძირითად ნაწილს ტურისტული კომპანიების მიერ განხორციელებული ჯგუფური ჯავშნები ქმნის, მაშინ როცა ინდივიდუალური ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია.
"სექტემბრის ბოლომდე ჯავშნები უკვე აქტიურად შემოსულია და სასტუმრო დაახლოებით 60%-ით არის დატვირთული. მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით აქტიურობენ ტურისტული კომპანიები, რომლებიც ჯგუფური ჯავშნებით შემოდიან, ხოლო ინდივიდუალური ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია", - ამბობს ალიბეგაშვილი.
მისი განმარტებით, დატვირთულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისრაელიდან ტურისტული ნაკადის შემცირებამ. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, გასულ წელს STEP INN-ის დატვირთულობის დაახლოებით 60% სწორედ ისრაელის ბაზარზე მოდიოდა, ხოლო მიმდინარე სეზონზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-მდეა შემცირებული.
"ისრაელიდან რეისების სიხშირისა და ვიზიტორების რაოდენობის შემცირება საერთო სურათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუ გასულ წელს ჩვენი სასტუმროს დატვირთულობის დაახლოებით 60% ისრაელზე მოდიოდა, წელს ეს წილი დაახლოებით 25%-ია, რაც, ბუნებრივია, დატვირთულობაზეც აისახა", - აცხადებს ის.
ალიბეგაშვილის ინფორმაციით, რუსეთიდან ვიზიტორების წილი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდება, თუმცა არც ნაკადის ზრდა და არც უფრო გადახდისუნარიანი სტუმრების მატება არ შეინიშნება. ამასთან, გაიზარდა ქართველი დამსვენებლების წილი, ხოლო ევროპული ბაზარი უფრო გააქტიურდა. „ინგლისიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, რაც ჩვენთვის პოზიტიური ტენდენციაა“, – ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯავშნების შემოდინება გააქტიურდა, მიმდინარე სეზონი ყაზბეგის სასტუმროებისთვის კვლავ რთულია. ამიტომ, სასტუმრო წელს ახალი ინვესტიციების განხორციელებას არ გეგმავს და ძირითად აქცენტს თანამშრომლების შენარჩუნებასა და მომსახურების ხარისხის დაცვაზე აკეთებს.