
თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ - როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობის ახალი სქემისგან?
საქართველოს საბანკო ასოციაცია ფინანსური თაღლითობის ახალი სქემის შესახებ ავრცელებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ ამჯერად თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მის სახელზე უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
ასოციაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ამბობს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემაზე თანხმობას არ აცხადებს, მას კვლავ უკავშირდება სხვა პირი, რომელიც თავს ბანკის წარმომადგენლად ასაღებს. თაღლითი მომხმარებელს საბაბით ე.წ. „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლისკენ მოუწოდებს და პერსონალური და საბანკო მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას სთხოვს.
შედეგად, მომხმარებელი თავად გადასცემს თაღლითს პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ციფრულ არხებში შესასვლელ ინფორმაციას, რის შემდეგაც თაღლითები მის სახელზე ონლაინ სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.
ასოციაცია მოქალაქეებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი თაღლითებისგან:
• უპირველეს ყოვლისა დაიმახსოვრეთ: ბანკის წარმომადგენელი არასდროს დაუკავშირდება ბანკის მომხმარებელს და არ სთხოვს ტელეფონით პერსონალური, კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი • არასოდეს გაუზიაროთ სხვებს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში შესასვლელი მონაცემები ან საბარათე ინფორმაცია, მათ შორის ბარათის სრული მონაცემები და უსაფრთხოების კოდი • არასდროს მიჰყვეთ უცნობის ზარს, SMS-ს თუ ნებისმიერი სოციალური მედიის არხით მოწოდებას გადახვიდეთ მავნე ბმულზე, გააზიაროთ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები • ყოველთვის ისარგებლეთ საბანკო დაწესებულების ოფიციალური ვებ-გვერდით და მასზე არსებული საკონტაქტო არხებით დაუკავშირდით • თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი საბანკო ან პერსონალური მონაცემები თაღლითს გაუზიარეთ ან საეჭვო ვებგვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომსახურე ბანკს, აცნობეთ მომხდარის შესახებ და იმოქმედეთ ბანკის მითითებების შესაბამისად
BM.GE
წყარო: bm.ge