
ტაივანური TCC უკრაინულ ცემენტის მწარმოებელ კომპანიას €750 მილიონად ყიდულობს
ტაივანური TCC Group Holdings-ის დირექტორთა საბჭომ ნიდერლანდური შვილობილი კომპანიის მეშვეობით უკრაინული ცემენტის მწარმოებელი IFCEM-ის 100%-იანი წილის €750 მილიონად ($857 მლნ.) შესყიდვის გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა.
გარიგება ცემენტის მწარმოებლის გარდა სამ სხვა კომპანიას, მათ შორის გადასახური მასალების მწარმოებელ Ivano-Frankivsk-Dakh-ს, თაბაშირის საწარმო KRU Gips-სა და მშრალი ნარევების მწარმოებელ KRU Mix-ს მოიცავს. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შელი იემ განაცხადა, საბოლოო საფასურს წმინდა ვალისა და საბრუნავი კაპიტალის გათვალისწინებით დააზუსტებენ. აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებას ტაივანის, უკრაინისა და სხვა შესაბამისი იურისდიქციების მარეგულირებელი უწყებების თანხმობას საჭიროებს.
როგორც ირკვევა, ამ გარიგებით TCC Group Holdings-ი მიზნად ევროპული ოპერაციების სამხრეთ და დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას ისახავს. ამ აქტივის მეშვეობით კომპანია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის გრძელვადიან აღდგენით პროცესში ჩართვასაც შეძლებს.
ცნობისთვის, IFCEM-ი უკრაინის ბაზრის დაახლოებით 36%-ს აკონტროლებს. საწარმოს სადისტრიბუციო ქსელი ძირითადად პოლონეთსა და რუმინეთში, ასევე მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ფუნქციონირებს.
თავად ახალი მეპატრონე, ტაივანური ჰოლდინგი ახალ საწარმოებში დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების ინტეგრირებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება კი ევროკავშირის ნახშირბადის რეგულირების მექანიზმის მზარდ მოთხოვნებთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული.
ინფორმაციისთვის, IFCEM-ის საწარმოო ბაზა დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში მდებარეობს. საწარმო საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ზონიდან დაახლოებით 760 კილომეტრით არის დაშორებული. ქარხანა 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. გარე ელექტროქსელზე დამოკიდებულების შესამცირებლად ობიექტზე 50 მეგავატი სიმძლავრის მზის და 19 მეგავატის გაზის ენერგოსისტემები დაამონტაჟეს.
რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, IFCEM-ის შემოსავალი წლიურად 20.3%-ით გაიზარდა და $362.41 მლნ. შეადგინა. ამავე პერიოდში საერთო მოგება 40.3%-ით გაიზარდა. ამასთან, საერთო მარჟა 2024 წლის 34%-იანი ნიშნულიდან 39.6%-მდე გაუმჯობესდა. გადასახადების გადახდის შემდეგ წმინდა მოგება 44.5%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge