
თბილისის, ქუთაისის და გორის სასტუმროებში ტურისტების ნაკადის ზრდა გვაქვს, გუდაურში - კლება - „ინნ ჯგუფი"
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეებში კლების მიუხედავად, ჯამურად 5 თვეში ტურისტული ნაკადები ზრდას აჩვენებს.
როგორც „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მათ შემთხვევაში ზრდა ფიქსირდება თბილისში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში მდებარე სასტუმროებში, თუმცა გუდაურში კვლავ კლებაა, რადგან ამ კურორტზე ძირითადი ვიზიტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყვნენ.
პაატა კოკაია ამბობს, რომ აშშ-ირანის კონფლიქტის დასრულების მიუხედავად, ამ რეგიონიდან ვიზიტორების ნაკადები ჯერჯერობით სრულად ვერ აღდგა, რადგან გაძვირებული საწვავის ფონზე, ავიარეისებზე ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითია, მათ შორის ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის და აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გამო.
“ძალიან რთული მარტი-აპრილი გვქონდა, თუმცა 5 თვის მონაცემები რომ შევაჯამოთ, თბილისში [გასულ წელთან] შედარებით ძალიან ცოტათი, მაგრამ მაინც ზრდა გვაქვს. ქუთაისსა და გორშიც ზრდა ფიქსირდება. სამწუხაროდ, კლება გვაქვს გუდაურში. ახალციხეში თითქმის იგივეა, რაც შარშან იყო პირველ 5 თვეში. თუმცა ივნისის ბოლომდე აუცილებლად გავასწრებთ შარშანდელ 6 თვეს. რაც შეეხება გუდაურს, აქ დაახლოებით 15%-იანი კლება გვაქვს, ამას თავისი მიზეზები აქვს. იმიტომ რომ გუდაურში ზუსტად იმ ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები, საიდანაც ფრენები გაუქმდა. ეს არის ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ივლის-აგვისტოში [გუდაურშიც] შეიძლება დავეწიოთ გასული წლის მონაცემებს.
რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებიდანაც არის აღდგენა, თუმცა საავიაციო ბენზინის გაძვირების ფონზე, იმდენად არის ბილეთები გაძვირებული, რომ უჭირთ [საქართველოში მოგზაურობა]. თვითმფრინავის ბილეთი უფრო მეტი ჯდება დღეს, ვიდრე ჩვენთან დასვენება, რადგან დიდი დისტანციებიდან უნდა ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, თუ [ავიაბილეთების] ფასი რაღაც გონივრულ ნიშნულს მიაღწევს, აღდგენას ამ ქვეყნებიდანაც ველოდებით.
ზოგადად, დანაკლისის დაბალანსება მოხდა თურქეთიდან, ევროპიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიდანაც გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, იმიტომ რომ [ბაქოსთან] სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. აუცილებლად დაემატება ამას ჩინეთიდან ტურისტების ზრდა, იმიტომ რომ შანხაიდან პირდაპირი ავიარეისებია დაგეგმილი, ასევე ვიცით, რომ ივლისიდან ინდოეთიდანაც უნდა აღდგეს ფრენები”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge