
"ვხედავდით, რომ ბაზარზე გარკვეული ჟანრების დეფიციტი იყო" - რას სთავაზობს "მოუბარი" საგამომცემლო ბაზარს?
ქართულ საგამომცემლო ბაზარზე ახალი მოთამაშე - "მოუბარი" - გამოჩნდა, რომელიც აქცენტს ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრებზე აკეთებს. კომპანიამ ბაზარზე შესასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, აქტიურ ფაზაში კი გასული წლის ნოემბერში, თბილისის წიგნის ფესტივალზე ერთდროულად 8 წიგნის წარდგენით შევიდა.
დღეისათვის გამომცემლობის პორტფელი 12 გამოცემულ წიგნს აერთიანებს, ხოლო განხორციელებული კერძო ინვესტიციის მოცულობა 300 000 ლარამდე აღწევს.
"მოუბარის" დამფუძნებელი, გუჯა ქემოკლიძე BM.GE-სთან ინტერვიუში საგამომცემლო ბიზნესის სპეციფიკაზე, დაფინანსების მოდელზე, მომხმარებელთა ქცევასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, წიგნის გამოცემა ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი პროცესია, რის გამოც "მოუბარმა" მოსამზადებელ პერიოდს თითქმის ორი წელი დაუთმო.
"სამუშაო პროცესი 2023 წელს, პირველი წიგნის უფლების ყიდვით დავიწყეთ. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთდროულად ბევრ სხვადასხვა წიგნზე მიმდინარეობდა მუშაობა და გასული წლის ნოემბერში ბაზარზე ერთდროულად რვა წიგნით შემოვედით", - აღნიშნავს დამფუძნებელი.
როგორც ის განმარტავს, იდეა ბაზრის ანალიზის შედეგად გაჩნდა. სამივე დამფუძნებელი - გუჯა ქემოკლიძე, ანრი მაღლაკელიძესა და დათა ხარაიშვილთან ერთად - პირველ რიგში, აქტიური მკითხველია, რამაც მათ საშუალება მისცა, კონკრეტული ჟანრობრივი დეფიციტი დაენახათ.
"ვხედავდით, რომ ქართულ ბაზარზე იყო გარკვეული ჟანრების დეფიციტი. ჩვენი ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზია, თუმცა სხვა მიმართულებებსაც მოვიცავთ. მსოფლიო მასშტაბით უამრავი პოპულარული წიგნი არსებობს, რომელიც ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, ეს თანამედროვე, აქტუალური და მაღალი ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოებები ქართველ მკითხველს მივაწოდოთ. უფლებების შეძენამდე ყოველთვის დეტალურად ვიკვლევთ წიგნის აქტუალობასა და პოპულარობას", - ამბობს გუჯა ქემოკლიძე.
ამჟამად "მოუბარის" პორტფელი აერთიანებს ფრენკ ჰერბერტის "დიუნის" სერიას, რებეკა იაროსის მსოფლიო ბესტსელერ "მეოთხე ფრთას", გილიერმო დელ ტოროს "ფავნის ლაბირინთს" და ლიუ ცისინის "სამი სხეულის ამოცანას", რომლის მიხედვითაც Netflix-მა პოპულარული სერიალი გადაიღო.
დამფუძნებლის თქმით, ქართულ საგამომცემლო სექტორში გავრცელებული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც კომპანიები ხშირად დონორულ დაფინანსებებსა და გრანტებზე არიან დამოკიდებულნი, "მოუბარი" სრულად კერძო კაპიტალით ოპერირებს. 300 000 ლარიანი ინვესტიციით, გამომცემლობამ 50-მდე წიგნის გამოცემის უფლება შეიძინა, თარგმნა 20 და გამოსცა 12 წიგნი და წლის ბოლომდე კიდევ 5 წიგნის გამოცემას გეგმავს.
"ჩვენს შემთხვევაში, ოპერირება მთლიანად საკუთარი ფინანსებით ხდება. არცერთი წიგნი არ გამოგვიცია გარე დაფინანსებით ან გრანტით. საგამომცემლო საქმიანობის სპეციფიკა მუდმივ დინამიკას მოითხოვს - პროცესი არ ჩერდება. როგორც კი წიგნი დაიბეჭდება და გაყიდვაში ჩაეშვება, პარალელურად უნდა დაიწყოს მუშაობა ახალ თარგმანებზე. შესაბამისად, მიღებული შემოსავალი სრულად ახალი პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება", - აცხადებს გუჯა ქემოკლიძე.
დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე გამომცემლობა მხოლოდ თარგმნილ ლიტერატურაზეა ორიენტირებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართველი ავტორების ნამუშევრების გამოცემასაც გეგმავს.
BM.GE-სთან საუბარში "მოუბარის" დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ახლად შექმნილმა გამომცემლობამ ქართულ საგამომცემლო სექტორში ახალი პრაქტიკა, წინასწარი შეკვეთების კამპანია დანერგა.
""ნისლქმნილი" წლების წინ იყო ნათარგმნი, თუმცა ბაზარზე აღარ იშოვებოდა. მკითხველებისგან დიდი მოთხოვნა წამოვიდა. ჩვენ შევთავაზეთ ასეთი მოდელი: თუ შეგროვდებოდა სულ მცირე 250 წინასწარი შეკვეთა, რაც მოთხოვნის რეალურ ვალიდაციას მოახდენდა, წიგნს გამოვცემდით. კამპანია ნოემბერში დავიწყეთ და იანვარში უკვე გვქონდა საჭირო რაოდენობა. ეს იყო მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადება ახალი გამომცემლობის მიმართ. ვფიქრობ, საინტერესო პრეცედენტი შეიქმნა, რომელიც შემდგომში სხვა პროექტებზეც გამოვიყენეთ და სხვა გამომცემლობებმაც დანერგეს", - განმარტავს ის და ამბობს, რომ "ნისლქმნილის" გამოცემა მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
კომპანიის უახლოეს გეგმებში ივლისში დაგეგმილი რელიზის გარდა, რამდენიმე მსხვილი პროექტი შედის. მომავალი წლის განმავლობაში "მოუბარი" ჯეიმს კლაველის ცნობილი ისტორიული რომანის "შოგუნის", ასევე დიანა გებლდონის "აუთლენდერის" პირველი ტომისა და ბესტსელერ "მეოთხე ფრთის" გაგრძელების გამოცემას გეგმავს, რაზეც, მათი შეფასებით, მკითხველის მხრიდან მაღალი მოლოდინი უკვე არსებობს.
"მოუბარის" წიგნების შეძენა წიგნის მაღაზიებსა და მათ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge