
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
10 000 ახალი ნერგი რუსთავის ჭალის ტყეს - „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ რუსთავში, მტკვრის ორივე სანაპიროზე მასშტაბური გამწვანების აქციის მხარდამჭერები არიან. პროექტის მორიგ ეტაპზე, ხეების დარგვის პროცესში თავად „თეგეტას“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ინიციატივის ფარგლებში, ეტაპობრივად, ჯამში, 10 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი. ამასთანავე, „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლები რუსთავის ჭალაში მყოფ მოხალისეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
გამწვანების აქციის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ შესთავაზა. კომპანიის სათავო ოფისში „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ. გამოწვევაში „თეგეტას“ ფილიალები ჩაერთნენ, რის შედეგადაც, ჯამში, 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამმუშავებელ კომპანიას გაეგზავნა, შედეგად კი მოჭრისგან 15 ხე გადარჩება. ინიციატივის ფარგლებში, ჰოლდინგმა ყველაზე ეკომეგობრული ფილიალი და ეკომეგობრული დეპარტამენტი გამოავლინა და წაახალისა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კოორდინატორი: „გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს რუსთავის ჭალის ტყეს. „თეგეტაში“ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს როგორც ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, ისე შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში, რომელიც მეორადი ქაღალდების ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას მოიცავს“.
რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის განაშენიანება მტკვრის ჭალის გარშემო მიზანმიმართულად დაიგეგმა, რადგან ამ ტერიტორიას რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში ჰაერის ნაკადის გაწმენდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, ჭალაში 140-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსთავისთვის. პროექტი რუსთავის მერიასთან პარტნიორობით განხორციელდა.