
თეირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემებს სერიოზული დაზიანებით დაემუქრა
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალი აბდოლაჰი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ იმ გემებს დაემუქრა, რომლებიც თეირანის მიერ დადგენილ წესებს არ ემორჩილებიან.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურის სანაპიროს, კუნძულებსა და ჰორმუზის სრუტეს ამჟამად სრულად აკონტროლებს, შესაბამისად, სახელმწიფო თეირანის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდის ავლით სრუტეში გადაადგილების არცერთ შემთხვევას არ დაუშვებს. როგორც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი ხომალდები “სერიოზულ ზიანს” მიიღებენ.
სახელმწიფო მედია Tasnim-ის ინფორმაციით, აბდოლაჰის ეს განცხადება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის სიტყვებზე საპასუხო რეაქცია იყო. როგორც ცნობილია, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ სტრატეგიული საზღვაო დერეფანი შეუფერხებლად ფუნქციონირებს და კომერციული გემების 95%-ზე მეტი ამ მარშრუტს უსაფრთხოდ გადის.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი საზღვაო დერეფანია. ამ საზღვაო მარშრუტზე მსოფლიო ნავთობტრანზიტის 20%-იანი წილი მოდის. შესაბამისად, რეგიონში უსაფრთხოების ნებისმიერ რყევას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე პირდაპირი გავლენა აქვს.
BM.GE
წყარო: bm.ge