
თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება - პრემიერი
პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტების მშენებლობები დააანონსა. კობახიძის თქმით, თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.
"მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობა დაიწყება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდებია 2028 წლის ბოლომდე. ანუ თელავში ახალი აეროპორტი, ხოლო მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.
თელავის აეროპორტის მშენებლობაზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. აეროპორტის მშენებლობა არც 2026 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული.
თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მხოლოდ ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან არაერთხელ გაგრძელებული ხელშეკრულების საფუძველზე, „აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge