
ტენდერებში ფასები იმდენად არარეალური იყო, რომ ხარისხსა და ვადებზე საუბარი შეუძლებელი ხდებოდა - "ინსი"
სამშენებლო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში ფასების ადეკვატურობასა და დაგეგმილ რეფორმებზე BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სამშენებლო კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ბაზარზე არსებული ძველი მიდგომები კომპანიებს განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.
თოიძემ განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია მიმდინარე პროცესები ხელოვნურ გაძვირებად და რატომ არიდებდა თავს მისი კომპანია გარკვეულ სახელმწიფო შესყიდვებს.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სახელმწიფო სსიპ-ი ჩაატარებს. კერძოდ, იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ.
„სიმართლე გითხრათ, ამ პროცესს „გაძვირებას“ ვერ დავარქმევდი. არ მინდა, მომხმარებელმა ან გადასახადების გადამხდელმა ისე გაიგოს, თითქოს ყველაფერი ძვირდება. რეალურად, საუბარი იყო იმდენად დაბალ და ბაზართან შეუსაბამო ფასებზე, რომ ასეთ პირობებში ხარისხიანად მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენ მსგავს ტენდერებში საერთოდ არ შევდიოდით. თუ ბაზრის კვლევა არ იყო ჩატარებული, ან ხარჯთაღრიცხვა კეთილსინდისიერად და საბაზრო ფასებით არ იყო შედგენილი, ასეთ ტენდერში მონაწილეობას ვერ ვიღებდით. ამიტომ არ მინდა, საზოგადოებამ ისე აღიქვას, თითქოს ყველა პროექტი უხარისხო იყო. ბევრი პროექტი ხარისხიანად კეთდებოდა და ბაზარზე ბევრი კეთილსინდისიერი კომპანიაც მუშაობს", - აღნიშნა თოიძემ.
„ინსის“ ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რაც არასწორად დაგეგმილმა ტენდერებმა დარგს მოუტანა და აღნიშნა, რომ დაწყებული ცვლილებები სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია:
„ტენდერების დიდ ნაწილში, სადაც ბაზრის კვლევა არ არსებობდა ან ხარჯთაღრიცხვა არასწორად იყო შედგენილი, ფასები იმდენად არარეალური იყო, რომ იქ არც ხარისხზე შეიძლებოდა საუბარი და არც ვადების დაცვაზე. შედეგად, ის კომპანიები, რომლებიც მსგავს პროექტებში მონაწილეობდნენ, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
რაც შეეხება იმას, რა შეიცვალა, ვფიქრობ, მართლაც შეიძლება ამას რევოლუციური დასაწყისი ვუწოდოთ. მთავარი ცვლილება არის ფასების გადახედვა, თუმცა ეს პროცესი არ გაჩერდება, რადგან ფასები მუდმივად იცვლება.“
გადაცემაში სტუმრობისას მან სამშენებლო სექტორში ხელფასების ზრდის სტატისტიკასა და ფასების ინდექსაციის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. თოიძის თქმით, საერთაშორისო კრიზისების ფონზე კომპანიებმა მძიმე დარტყმა მიიღეს.
„მაგალითად, 2023 წლიდან, საქსტატის სამშენებლო ინდექსის მიხედვით, სექტორში ხელფასები 123%-ით გაიზარდა. ეს ბუნებრივიც არის, როდესაც მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ჩნდება დეფიციტი, დეფიციტი კი ხელფასების ზრდას იწვევს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინდექსაცია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ. ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან ინდექსაცია დასავლურ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. არ შეიძლება, ყველა რისკი მხოლოდ მშენებელზე გადადიოდეს იქნება ეს საერთაშორისო კრიზისი თუ რეგიონული პროცესები.
კოვიდის პერიოდში და შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, კომპანიებმა ძალიან მძიმე დარტყმა მიიღეს. სწორედ ამან გამოიწვია ლიკვიდურობის პრობლემები სექტორში. ინდექსაციის არარსებობის გამო, შემდეგ დროებითი ჩარევებით ხდებოდა პრობლემების მოგვარება, მაგრამ ეს სისტემურ გამოსავლად ვერ იქცა", - განაცხადა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge