
ტექნოლოგიური სინთეზი „EV EXPO 2026“-ზე: კლასიკური მოდელების რეტროფიტი და ახალი ელექტრო როდსტერები
„EV EXPO 2026“-ის ფარგლებში, რომელიც 13 და 14 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება საინჟინრო ინოვაციებსა და საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიურ მოდელებს დაეთმო, რომლებიც ქართულ საავტომობილო ბაზარზე ახალ ნიშს აყალიბებენ. საგამოფენო სივრცის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ ექსპონატად ქართული კომპანია Solar Auto-ს პროექტი იქცა, რომელმაც კლასიკური Cadillac Eldorado-ს ბაზაზე თანამედროვე ელექტრომობილის არქიტექტურა შექმნა. საინჟინრო ჯგუფმა ისტორიულ ავტომობილში BYD-ის წარმოების ელექტროძრავა და ბატარეა დააინტეგრირა, რითაც ძველი თაობის ავტომობილების სრული ელექტრიფიკაციისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობა წარმატებით აჩვენა.
ტექნოლოგიური პროექტის სპეციფიკასა და საინჟინრო გამოწვევებზე საუბრობს Solar Auto-ს სერვისის ხელმძღვანელი ვეფხო ყურუა: „დაახლოებით 7 თვეა ამ პროექტზე ვმუშაობთ და მისი წარმატება დასტურია იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა კლასიკურ ავტოწარმოებასთან შესაძლებელია"
ადგილობრივი ინოვაციების პარალელურად, გამოფენაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა გლობალური მწარმოებლების სპორტულ მიმართულებაზე. საერთაშორისო ბრენდებს შორის ვიზიტორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია MG Motor-ის ინოვაციურმა მოდელმა — MG Cyberster. აღნიშნული ელექტრო როდსტერი აერთიანებს ფუტურისტულ დიზაინს, მაღალ დინამიკურ მახასიათებლებსა და თანამედროვე სპორტულ ხასიათს, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ელექტრომობილების ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის ევოლუციას.
მოდელის ბაზარზე პოზიციონირებისა და მისი მახასიათებლების შესახებ განმარტავს MG-ის ბრენდ მენეჯერი ნიკუშა მესხია: "MG Cyberster-ს ყველაზე დიდი ყურადღება შეხვდა. ჩვენი ბრენდი კი გამოფენაზე 3 მოდელით იყო წარმოდგენილი, MG 4, MG 5S და MG Cyberster. ექსპო ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა და მომავალში პარნიორობა გაგრძელდება."
EV EXPO Georgia აერთიანებს ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ფინანსურ სექტორსა და მომხმარებლებს, რათა ერთად დააჩქარონ მდგრადი ტრანსპორტისა და მწვანე ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში.
BM.GE
წყარო: bm.ge