
Tesla მომავალ წელს Cybertruck-ის წარმოებას შეწყვეტს
2027 წელს კომპანია Tesla ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის წარმოებას შეწყვეტს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, გამოთავისუფლებულ საწარმოო სივრცეს კომპანია Cybercab-ის ტიპის რობოტაქსების შესაქმნელად გამოიყენებს.
ეს გადაწყვეტილება ელექტრომობილის არასახარბიელო კომერციულ შედეგებს უკავშირდება. თუ კომპანიის თავდაპირველი გათვლებით წლიურად 250 000 ავტომობილი უნდა გაყიდულიყო, ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ერთეული Cybertruck-ის რეალიზება მოხერხდა.
ამას გარდა, მოდელის წარუმატებლობაზე პოლიტიკურმა და ფინანსურმა ფაქტორებმაც დიდი გავლენა იქონია. 2019 წელს დაანონსებული ელექტრომობილის საწყისი ფასი $40 000-ის ნაცვლად, დაახლოებით $60 000-ით განისაზღვრა.
ამასთან, 2024 წელს ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერის გამო, ეს ავტომობილი საპროტესტო აქციების სამიზნედ იქცა. ამას ისიც ემატება, რომ ტრადიციული პიკაპების მძღოლები Cybertruck-ის ყიდვას არც განიხილავენ, რაც პროექტს კომერციულად არასაინტერესოდ აქცევს.
როგორც მასკი აღნიშნავს, Tesla-ს მთავარი მიზანი AI-ისა და რობოტიკის განვითარებაა, ამიტომ Cybertruck-ის პროექტი ამ სტრატეგიაში აღარ ჯდება.
BM.GE
წყარო: bm.ge