
"თხოვნაც არის და მოთხოვნაც, სახელმწიფო თანადაფინანსება მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს" - ფერმერთა ასოციაცია
საქართველოში მოსავლის ამღები ტექნიკის, განსაკუთრებით კი თანამედროვე კომბაინების დეფიციტია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სოლიდურ თანხებს ხარჯავს, ქვეყანაში არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ფერმერისთვის წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება.
აგროსექტორში ამბობენ, რომ თანადაფინანსების პირობებშიც ფერმერისთვის ახალი აგრეგატების შეძენა „ძვირი სიამოვნებაა“, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერებს ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გასცემს თანადაფინანსებას, თუმცა ახალი აგრეგატი მაინც ძალიან ძვირია და ზოგიერთის ღირებულება რამდენიმე მილიონსაც კი აღწევს, ამიტომ მათი სურვილი და მოთხოვნაა სახელმწიფო თანადაფინანსება მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს.
“ხშირად არის თხოვნა და მოთხოვნაც, რომ იქნებ მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს თანადაფინანსება. ძირითადად ფინანსდება ახალი ტექნიკა და ძალიან კარგი, მეორადი ევროპული ტექნიკა სამწუხაროდ ვერ ხვდება მსგავსი დაფინანსების პროგრამებში. შესაბამისად, თუ ფერმერს უნდა შეძენა და ასეთებიც არიან, უწევთ სხვადასხვა სახსრების მოძიება, იქნება ეს საბანკო კრედიტი თუ დანაზოგების გაკეთება, რომ მსგავსი ტექნიკა შეიძინონ. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯი და დამზღვევი მექანიზმების ჩადებით მოხდეს კარგი მეორადი ევროპული, ამერიკული თუ იაპონურ-კორეული ტექნიკის თანადაფინანსება. ნამდვილად საჭიროა ეს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბევრ ახალსაც სჯობია ხოლმე მსგავსი მეორადი ტექნიკა თავისი გამძლეობით, სხვადასხვა ოპერაციების სიზუსტით და ა.შ.
ფაქტია, რომ ამ მხრივ ნაბიჯი არ იდგმება, სამწუხაროდ ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაშიც მხოლოდ ახალი ტექნიკა ფინანსდება და მხოლოდ გარკვეული პროცენტით. აქედან გამომდინარე, ეს არის შემაფერხებელი ფერმერებისთვის.
ჩვენ ამ საკითხს ყოველ ჯერზე ვაყენებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც გადაიდგას ნაბიჯი”,-აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
ფერმერისთვის მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადში სოფლის განვითარების სააგენტომ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 42 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2019-2025 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან ყველაზე მეტი იურიდიული პირია, რომელთაც სახელმწიფოსგან თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიიღეს. პროგრამა წელსაც უცვლელად გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 5,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სოფლის განვითარების სააგენტოში გვიდასტურებენ, რომ პროგრამა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებშიც უცვლელად გრძელდება და სააგენტო ერთ ბენეფიციარს მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, არაუმეტეს 150, 000 ლარით დაუფინანსებს.
BM.GE
წყარო: bm.ge