
Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა
პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულმა გიგანტმა, Salesforce-მა მეორე კვარტალში $11.35 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია და უოლ-სტრიტის ანალიტიკოსთა მოლოდინს აღემატება.
კომპანიის წმინდა მოგება 87%-ით გაიზარდა და $3.53 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი $1.89 მილიარდს შეადგენდა. ამასთან, კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $5.90 შეადგინა, რაც პროგნოზირებულ $3.27-ს საგრძნობლად აჭარბებს.
როგორც ირკვევა, Salesforce-ის ფინანსური მაჩვენებლების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში განხორციელებულმა საინვესტიციო გარიგებამ ითამაშა, საიდანაც კომპანიამ $2.6 მილიარდის მოგება მიიღო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად კომპანიამ Anthropic-თან პარტნიორობის გაფართოების შესახებ განაცხადა. პროექტ Claudeforce-ის ფარგლებში, Salesforce-ის მონაცემთა ბაზები უშუალოდ Claude-ში ინტეგრირდება, რაც გაყიდვების მენეჯერებს კრიტიკულ ინფორმაციასთან წვდომას გამარტივებულად მისცემს. კომპანიის გენერალური დირექტორის, მარკ ბენიოფის განმარტებით, ტექნოლოგიური სექტორის ირგვლივ არსებული შიშები, თითქოს ხელოვნური ინტელექტი პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესმოდელს ჩაანაცვლებს, რეალობას არ შეესაბამება.
რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ Salesforce-ის აქციების ფასი ერთ დღეში 22%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში მეორე საუკეთესო დღიური ზრდაა 2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც აქციების ღირებულებამ 26%-ით იმატა.
BM.GE
წყარო: bm.ge