
ტრამპის განცხადებით, ტაივანი ალასკის გაზის 30%-ს შეიძენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაივანი ალასკის თხევადი ბუნებრივი აირის პროექტიდან მოპოვებული რესურსის 30%-ის შეძენას დათანხმდა.
როგორც ირკვევა, ოფიციალური ტაიბეი მილსადენიდან მიღებულ ბუნებრივ აირს მომდევნო 20 წლის განმავლობაში იყიდის, რაც პრეზიდენტის შეფასებით, პროექტის წარმატებას უზრუნველყოფს. საყურადღებოა, რომ ტრამპის მიერ ნახსენები შეთანხმების ზუსტი პირობები ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, ტაივანის გადაწყვეტილება კუნძულზე ელექტროენერგიის მზარდ მოთხოვნასთან არის კავშირში. ტაივანი საკუთარი ენერგომომარაგების 90%-ზე მეტს იმპორტით იღებს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის სექტორისა და ნახევარგამტარების გიგანტის, TSMC-ის საქმიანობის გათვალისწინებით, რესურსების საჭიროება მუდმივად იზრდება.
რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარესა და სხვა მონაწილეებს, ტრამპის მტკიცებით, აშშ მასში $4.4 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მართალია, ოფიციალური სეული $50 მილიარდის გამოყოფას დათანხმდა, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ პროექტში ამ მასშტაბის ინვესტიციის განხორციელების საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.
BM.GE
წყარო: bm.ge