
"წელს გაყიდვების დაახლოებით 80%-იან ზრდას ველოდებით" - „ჰობი“ წარმადობას აორმაგებს
ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი“ 2026 წელს გაყიდვების დაახლოებით 80%-იან ზრდას ელოდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ ჭიღლაძემ BM.GE-ს განუცხადა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საცალო ქსელებში პროდუქციის რეალიზაციის არეალის გაფართოებაა.
როგორც მიხეილ ჭიღლაძე ამბობს, „ჰობის“ პროდუქცია წელს „გვირილას“ ქსელში შევიდა, დაახლოებით ერთი თვის წინ კი კომპანია „ორი ნაბიჯის“ ქსელსაც შეუერთდა.
„ყოველ წელს, ქსელები გარკვეული რაოდენობით გვემატებოდა, სადაც ჩვენი ქართული თაფლი შეგვქონდა. წელს დაგვემატა „გვირილა“ და ასევე „ორი ნაბიჯი“. შესაბამისად, უკვე უფრო ფართო ქსელი გვაქვს, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია შეგვიძლია და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დამატებული ქსელების ხარჯზე გაყიდვები დაახლოებით 80%-ით მოიმატებს. რაც შეეხება ფასების კორექციას, წელს ფასები კვლავ შევინარჩუნეთ, რადგან გვინდა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ“, - ამბობს მიხეილ ჭიღლაძე.
გაზრდილი გაყიდვების პარალელურად, კომპანია წარმოების მოცულობის ზრდასაც გეგმავს. „ჰობის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, წელს კომპანია დაახლოებით 100-120 ტონა თაფლის წარმოებას ელოდება, რაც წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.
„წარმადობაზე პრობლემა არ გვექნება. წელს დაახლოებით 100-დან 120 ტონამდე თაფლის წარმოებას ველოდებით, რაც წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 100%-იანი ზრდაა. მოთხოვნა იზრდება და, შესაბამისად, ჩვენც წინასწარ ვემზადებით, რომ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ. თუ მოთხოვნა ამ ტემპით გაგრძელდა, მომავალ წელს წარმადობის კიდევ გაორმაგებას ვგეგმავთ და დაახლოებით 200 ტონამდე ავალთ“, - ამბობს მიხეილ ჭიღლაძე.
გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანია პარტნიორი მეფუტკრეების რაოდენობისა და მათგან შესყიდული თაფლის მოცულობის ზრდასაც გეგმავს. თავად „ჰობის“ საფუტკრეებიდან მიღებული თაფლი ამ ეტაპზე კომპანიის მთლიანი წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს, დანარჩენ მოცულობას კი პარტნიორი მეფუტკრეებისგან იღებს.
„ჰობი“ ქართული ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანია თავდაპირველად ოჯახური მეფუტკრეობის ბაზაზე შეიქმნა. თაფლის ნედლეულს ძირითადად რაჭისა და იმერეთის მაღალმთიანი სოფლებიდან იღებს, ხოლო პროდუქციის დაფასოებას ნატახტარში მდებარე საწარმოში ახორციელებს. კომპანიას საკუთარი საფუტკრეები და პარტნიორი მეფუტკრეების ქსელი აქვს. თაფლის გარდა, „ჰობი“ აწარმოებს აჯიკას, ტყემალს, ჩირსა და ტყლაპს.
BM.GE
წყარო: bm.ge