
წელს შემწეობა 191 პირს შეუწყდა - რამდენი დაზოგა სახელმწიფომ სოცდაუცველთა გადამოწმებით?
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სოციალური შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა დაახლოებით 83 მლნ ლარით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე კლება დაახლოებით 30 მლნ ლარია, ხოლო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე შემცირება 52 მლნ ლარს აჭარბებს.
კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახების დახმარებაზე ჯამში 630 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან 449 მლნ ლარი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე, ხოლო 181 მლნ ლარი საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებზე დაიხარჯა.
თვეების მიხედვით გადარიცხული თანხები ასე ნაწილდება:
თვე საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხა (ლარი) საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა (ლარი) სულ გადარიცხული თანხა (ლარი) იანვარი 47 631 520 23 641 935 71 273 455 თებერვალი 47 497 500 23 680 430 71 177 930 მარტი 44 857 245 22 082 585 66 939 830 აპრილი 45 245 665 20 247 560 65 493 225 მაისი 43 506 075 19 031 805 62 537 880 ივნისი 43 859 960 17 357 750 61 217 710 ივლისი 44 732 865 15 427 955 60 160 820 აგვისტო 45 346 990 14 384 495 59 731 485 სექტემბერი 44 016 970 13 251 980 57 268 950 ოქტომბერი 42 523 160 11 699 275 54 222 435
საარსებო შემწეობაზე საბიუჯეტო დახმარების კლება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. ბოლო ათ თვეში საარსებო შემწეობა 191 736 პირს შეუწყდა, აქედან 122 ათასამდე დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, რომელიც მთავრობამ გააუქმა.
7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.
"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.
ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
BM.GE
წყარო: bm.ge