
"წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს და გაზრდილ ფასს ველით" - მეფუტკრეთა ასოციაცია
საქართველოში მეფუტკრეები 2026 წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს პროგნოზირებენ. როგორც მეფუტკრეთა გაერთიანებაში აცხადებენ მთავარი მიზეზი არახელსაყრელი კლიმატური პირობებია.
სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, დაბალმა ტემპერატურამ მცენარეთა ყვავილობა დააგვიანა, რამაც ნექტრის გამოყოფა და ფუტკრის ოჯახების განვითარება შეაფერხა, ეს კი პირდაპირ აისახა თაფლის წლიურ წარმოებაზე.
„წვიმიანი ამინდების გამო მოხდა სხვადასხვა ყვავილოვანი მცენარეების და განსაკუთრებით აკაციის ყვავილობის პერიოდის გადაწევა. ეს პერიოდი დაემთხვა იმ სეზონს, როცა ფუტკრის ოჯახები განვითარებისკენ უნდა წასულიყვნენ. უამინდობის გამო ვერ განვითარებაც მოხერხდა დ ვერც აკაციის თაფლის შემოტანა სკებში.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს საფუტკრეებში მოსავალი შემცირდება ეს იქნება. შემცირებული სავარაუდოდ ფასებს გაზრდის. ფასის ზრდის მიზეზი ასევე არის გაზრდილი მოთხოვნაც.“ - განაცხადა პაპავამ.
კლიმატური გამოწვევების გარდა, დარგის განვითარებას ხელს უშლის ფუტკრის დაავადებები, მცირე ზომის მეურნეობების სიმრავლე და საექსპორტოდ არასაკმარისი წარმოების მოცულობა. საქართველოში 15 ათასზე მეტი მეფუტკრე საქმიანობს, თუმცა მათი დაახლოებით 95% მცირე მეურნეობას ფლობს, ხოლო კომერციულად განვითარებული და ექსპორტზე ორიენტირებული მხოლოდ 5%-ია.
ქვეყანაში არსებული დაახლოებით 300 ათასი ფუტკრის ოჯახის რაოდენობა ეტაპობრივად 900 ათასამდე უნდა გაიზარდოს, რათა შესაძლებელი გახდეს როგორც ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილება, ისე საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
„ყველაფერს ემატება ისიც რომ შემოვიდა ფუტკრის ახალი დაავადება ტროპილელაფსოზი და ასევე გავრცელდა წაბლის ახალი დაავადება, რომელიც უშუალოდ აზიანებს წაბლის ხის კვირტებს და შესაბამისად მოსავლიანობაც. წაბლის ხის ხანგრძლივობაც მცირდება და ამდენად ვითარება კრიზისულია. წაბლის დაავადება ყველა რეგიონშია, მთლიანად მოიცვა ქვეყანა.“ - ამბობს „საქმიან დილასთან“ საუბრისას მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი.
თაფლის მწარმოებელი ფერმერები ამბობენ, რომ დღეს ქართული თაფლი მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია, თუმცა სხვადასხვა რეგიონში მოთხოვნა განსხვავებულია. ევროკავშირის ქვეყნებში უპირატესად აკაციის თაფლზეა მოთხოვნა, ხოლო აზიისა და გალფის სახელმწიფოებში -წაბლისა და სხვა სახეობის თაფლზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გახანგრძლივებული გაზაფხულის გამო აკაციის თაფლის მოსავალი შემცირებულია, მოლოდინია რომ წელს ევროპაში ექსპორტი და შესაბამისად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შემცირდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 400 კილოგრამი, 17 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა. ქართული თაფლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ამ პერიოდში არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონკონგი იყო.
თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12 დოლარამდე იყო. თაფლის საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა მაღალი ხარისხის ბიო სერტიფიცირებული ჯარას თაფლის ექსპორტმა განაპირობა. 2026 წლის ექსპორტის თითქმის მთელი მოცულობა კომპანია „ტფელზე“ მოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge