
"წლის ბოლომდე 65 000 ოჯახის გადამოწმებაა დაგეგმილი"|რატომ შეუმცირდა ათასობით ოჯახს სოცდახმარება?
მთავრობა ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა სიას ამცირებს. პრემიერის ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა. 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.
"ხშირად იყო სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი - გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას. ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მიზანი მეტის დაზოგვაა. პრემიერი პირობას დებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება: "წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას".
ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო და დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.