
წლის ბოლომდე ბაზარზე დამატებით ₾150-200 მილიონის ობლიგაციების ემისიას ველოდებით - Galt & Taggart
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის სწრაფი ზრდის ტემპის მიუხედავად, კომპანიების მხრიდან ობლიგაციების ემისიებზე მაღალი ინტერესი ამ ეტაპზეც ნარჩუნდება.
Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით ახალი კომპანიების მხრიდან, რომლებიც ჯერჯერობით კაპიტალის ბააზარზე წარმოდგენილები არ არიან, საკმაოდ დიდი პოტენციალია.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 150-200 მილიონი ლარის ფარგლებში ახალი ობლიგაციების ემისია მოხდება.
“ობლიგაციების ბაზრის გაჯერებაზე ლაპარაკი ალბათ ამ ეტაპზე ადრეა. შეიძლება არიან კომპანიები, რომლებსაც დამატებითი ემისიის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც დღეს ბაზარზე საერთოდ არ არიან წარმოდგენილი. მათ ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, რადგან ძალიან კარგ კორპორაციულ მმართველობას და ფინანსური შედეგებს აჩვენებენ. შესაძლოა, არსებული ემიტენტების მხარეს დამატებით ემისიებს არ უნდა ველოდეთ, მაგრამ არის საკმაოდ დიდი პოტენციალი ახალი კომპანიების მხარეს და ამ ინტერესს ჩვენ ვხედავთ. არიან კომპანიები, რომლებიც მოდიან, ინტერესდებიან ბაზრით და ემისიებზე აქტიურად ვმუშაობთ .
ალბათ ლოგიკურია, რომ ზრდის ტემპის შენელებას ველოდეთ, იმიტომ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ბაზარი გახუთმაგდა, გაექვსმაგდა, იგივე ტემპს რა თქმა უნდა, ვერ შევინარჩუნებთ, მაგრამ გვგონია, რომ ზრდის პოტენციალი ჯერ არ ამოგვიწურავს.
წლის ბოლომდე ველით, რომ ბაზარზე შეიძლება კიდევ გამოვიდეს 150-200 მილიონი ლარის ფარგლებში ობლიგაციები. ვფიქრობთ, დეკემბერი საკმაოდ აქტიური იქნება”, - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომამ 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, 2,649 მილიარდ ლარს მიაღწია. ბაზარზე არსებული ობლიგაციები ვალუტების მიხედვით ასე ნაწილდება: დოლარი - 1,181 მილიონი ლარი, ლარი - 1,347 მილიონი ლარი, ევრო- 121 მილიონი ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge