
წლის I ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით 690 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა - UN Tourism
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის უახლესი "მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის" თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მასშტაბით დაახლოებით 690 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 მილიონით მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტები 2%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში 1%-იანი კლება დაფიქსირდა, რასაც წინ აპრილში ვიზიტების 3%-იანი ვარდნა უძღოდა.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული კლება ძირითადად სააღდგომო დღესასწაულების კალენდარული ეფექტით და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენით იყო განპირობებული.
ივნისში გლობალური ვიზიტები 3%-ით შემცირდა, რისი ძირითადი წილიც დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებულ 6%-იან კლებაზე მოდის. ეს, თავის მხრივ, ზოგიერთ დანიშნულების წერტილში ექსტრემალურ სიცხეს უკავშირდებოდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ივნისში ვიზიტორთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც აზიური ბაზრებიდან შესუსტებული მოთხოვნა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცეში ფრენების შეფერხება და გაზრდილი სამგზავრო ხარჯები გახდა.
"უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ სექტორი რეალურ ზეწოლას უმკლავდება და წინსვლის გზებს პოულობს. ტურიზმს ზრდა არ შეუჩერებია, თუმცა ეს ზრდა მყიფეა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება თავად რეგიონის საზღვრებს გასცდა და ნათელი დასტურია იმისა, რომ ასეთ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში მდგრადობა ყველგან უნდა შეიქმნას და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიზისი იწყება", - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეიხა ალ ნუვაისმა.
შედეგები რეგიონების მიხედვით
"მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრი" შედეგებს რეგიონებისა და ქვერეგიონების მიხედვით აჯამებს:
• 2026 წლის პირველ ნახევარში აფრიკამ (+4%) და ევროპამ (+3%) ვიზიტების მყარი ზრდა დააფიქსირეს, ხოლო ამერიკის კონტინენტზე 2%-იანი მატება აღირიცხა; • აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ექვსთვიან პერიოდში ვიზიტები 1%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს 11%-ით ჩამორჩება, რადგან საჰაერო კავშირების შეფერხებამ, გაძვირებულმა ბილეთებმა და გაურკვევლობამ რეგიონში მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედა; • ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში 2026 წლის პირველ ნახევარში 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სამხრეთ აზიასა (-5%) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (-1%), 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება აღინიშნა; • ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები 22%-ით შემცირდა, რადგან რეგიონი უშუალოდ მოექცა კონფლიქტის გავლენის ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის მარტის დასაწყისიდან კონფლიქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ტურიზმზე, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, მაისსა და ივნისში საჰაერო მიმოსვლის შეფერხებები თანდათან შემსუბუქდა. ამან განაპირობა ზოგიერთი საჰაერო მარშრუტის განახლება და სამომხმარებლო განწყობების არათანაბარი აღდგენა.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზი
UN Tourism-ის პროგნოზით, უახლესი მონაცემებისა და არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების გლობალური ზრდა 1%-დან 2%-მდეა მოსალოდნელი (იანვარში ნავარაუდები 3%-დან 4%-მდე პროგნოზის ნაცვლად). თუმცა, საბოლოო შედეგი კონფლიქტის რეალურ ხანგრძლივობაზე, მის გავლენაზე ნავთობის ფასებსა და საერთო ინფლაციაზე იქნება დამოკიდებული.
ამავდროულად, გაზრდილი ფასებისა და გაურკვევლობის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო მოგზაურები კვლავ ეკონომიურ ვარიანტებს მიანიჭებენ უპირატესობას და არჩევანს საკუთარ ქვეყანასთან ახლოს მოგზაურობაზე ან შიდა ტურიზმზე შეაჩერებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge