მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცნობილი ბრენდების 10 უჩვეულო პირველი პროდუქტი
ცნობილი ბრენდების 10 უჩვეულო პირველი პროდუქტი

ცნობილი ბრენდების 10 უჩვეულო პირველი პროდუქტი

BM.GE29 ივნისი, 2026, 00:21|bm.ge

დღესდღეობით ბევრ გლობალურ კომპანიას კონკრეტულ პროდუქტებთან ან სერვისებთან ვაიგივებთ. თუმცა, მათი ისტორიის დასაწყისს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბევრმა მათგანმა საქმიანობა სრულიად განსხვავებული მიმართულებით დაიწყო. ადაპტაციის უნარი და ბაზრის მოთხოვნებზე მორგება ზოგიერთი ამ კომპანიის გადარჩენისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

Apple - ლურჯი ყუთი

მაგალითად, Apple, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, ათეულობით წელია მოგვიწოდებს "იფიქრე განსხვავებულად". დღეს კომპანია ცნობილი დახვეწილი, ელეგანტური და მინიმალისტური დიზაინის ელექტრონიკითაა. მისი საწყისები ტექნოლოგიებისგან არც ისე შორსაა, თუმცა ამ ადრეულ მოწყობილობას ლეგალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კომპანიის დამფუძნებლებმა თავდაპირველად ე.წ. "ლურჯი ყუთი" (Blue Box) შექმნეს: ეს ელექტრონული მოწყობილობები სპეციფიკურ აუდიო სიგნალებს გამოსცემდნენ, რომლებიც სატელეფონო ოპერატორების სისტემების იმიტაციას ახდენდა. ამის წყალობით მომხმარებლებს ზარების გადამისამართება და საქალაქთაშორისო ხაზებით უფასოდ სარგებლობა შეეძლოთ. დუეტმა დაახლოებით 100 ასეთი მოწყობილობა ააწყო და ისინი თანაკურსელებზე გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე ისინი უფრო მდგრად ბიზნესმოდელზე გადავიდნენ სტივ ჯობსმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ლურჯი ყუთების გარეშე "Apple-ი არ იარსებებდა".

Colgate - საპონი

დღეს Colgate-ის სახელი კბილის პასტასთან ასოცირდება - ის ალბათ მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდია პირის ღრუს ჰიგიენისთვის. თუმცა, კომპანიის დამფუძნებელი, ინგლისელი უილიამ კოლგეიტი, თავდაპირველად კბილების მოვლით არ ყოფილა დაინტერესებული. რეალურად, ბრენდი თავიდან საქონლის ქონისგან საპონსა და ტუალეტის საშუალებებს აწარმოებდა. მაშინაც კი, როდესაც კომპანიამ კბილის პასტის წარმოება დაიწყო, იგი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელი პროდუქტისგან. თავდაპირველად Colgate-ის კბილის პასტა პატარა შუშის ქილებში იყიდებოდა და არა ტუბებში. მას "არომატულ" კბილის პასტას უწოდებდნენ და უფრო მეტად პარფიუმერიის ხაზს მიეკუთვნებოდა, რაც ბრენდის პროდუქციის დიდ ნაწილს შეადგენდა. კოლგეიტის პასტა იმ ფორმით, როგორითაც დღეს ვიცნობთ, მხოლოდ 1896 წელს გამოჩნდა.

Toyota - საქსოვი დაზგა

ყველა ცნობილ ბრენდს მიმართულება იმის გამო არ შეუცვლია, რომ მათი პირველი პროდუქტი წარუმატებელი აღმოჩნდა. პირიქით, საქსოვი დაზგები, რომლებსაც Toyota 1920-იან წლებში აწარმოებდა, იმ დროისთვის ყველაზე მოწინავე იყო ბაზარზე. ის იმდენად პროგრესული იყო, რომ 2007 წელს მათი ორიგინალური ავტომატური დაზგა იაპონიაში "ისტორიულ მიღწევად" დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შთამბეჭდავმა მანქანამ საფუძველი Toyota-ს წარმატებას ჩაუყარა, ათწლეული გავიდა მანამ, სანამ ისინი 1937 წლიდან ავტომობილების წარმოებაზე გადავიდოდნენ, ხოლო პირველი ავტომობილის გამოშვებას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდა.

Hasbro - ქსოვილი

რთული წარმოსადგენია, რომ Hasbro სათამაშოების გარდა სხვა რამეს აწარმოებდა, თუმცა თავდაპირველად კომპანია ქსოვილებზე იყო ფოკუსირებული. ძმები ჰასენფელდები პოლონელი მიგრანტები იყვნენ, რომლებმაც ტექსტილისა და ქსოვილის ნარჩენების გაყიდვა დაიწყეს. მათი ბიზნესი გაიზარდა და მათ ამ ნარჩენებისგან ქუდებისა და ფანქრების ჩასადები სარჩულების დამზადება დაიწყეს, მოგვიანებით კი თავად ფანქრების ყუთების წარმოებაზე გადავიდნენ. ფანქრების ყუთებიდან სათამაშოებამდე დიდი ნაბიჯი არ არის, თუმცა ძმებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა სათამაშოების წარმოების რეალური ინტერესი. მხოლოდ 1960-იან წლებში, მათი საკულტო თოჯინების, G.I. Joe-ს გამოშვების შემდეგ, კომპანიამ სრულად დაუთმო ყურადღება ამ სფეროს და ინდუსტრიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

Lego - ხის სათამაშოები

რაც შეეხება Lego-ს, ის თითქმის ყოველთვის ბავშვების გართობაზე იყო ორიენტირებული. თუმცა, სანამ ბრენდის დამფუძნებელი, ოლე კირკ კრისტიანსენი, თავის ცნობილ პატარა კონსტრუქტორებს შექმნიდა, ის ბევრად უფრო მარტივ სათამაშოებს ამზადებდა. დიდი დეპრესიის შემდეგ მან ავეჯის დამზადება დაიწყო, თუმცა მოგვიანებით თავისი სადურგლო უნარები ხის სათამაშოების შესაქმნელად გამოიყენა. სამუშაოდან მორჩენილი ხის მასალისგან იგი პატარა ცხოველებსა და სათამაშოებს, მათ შორის ცნობილ ხის იხვებს თლიდა. მისმა ადრეულმა ექსპერიმენტებმა პლასტმასის სათამაშოებთან თავიდან დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, თუმცა კრისტიანსენი არ დანებდა და ასე შეიქმნა კარგად ნაცნობი ასაწყობი კუბიკები.

Hoover - ცხენის აღკაზმულობა

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი საბოლოოდ კომპანიის უდიდეს გამოგონებასთან, მტვერსასრუტთან გაიგივდა, უილიამ ჰუვერმა ბიზნესი სრულიად განსხვავებული საქმიანობით დაიწყო - იგი ტყავისგან ცხენის უნაგირებს, აღვირებსა და აღკაზმულობას ამზადებდა. თუმცა, როდესაც მისმა ნათესავმა ელექტრონული მტვერსასრუტის პროტოტიპი წარუდგინა, ჰუვერმა მაშინვე დაინახა მისი პოტენციალი. 1908 წელს მან ამ გამოგონების პატენტი შეიძინა და შექმნა პროდუქტი, რომლის სახელმაც დროთა განმავლობაში პოპულარობით თავად ბრენდსაც კი გაუსწრო.

Samsung - თევზი და სურსათი

რთულია იპოვოთ ოჯახი, სადაც Samsung-ის ერთი პროდუქტი მაინც არ მოიპოვება. კომპანიას პროდუქციის ფართო ასორტიმენტი აქვს, რომელიც ელექტრონიკასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მოიცავს. თუმცა, თავდაპირველად Samsung-ის ძირითადი პროდუქტი თევზი, კერძოდ კი გამომშრალი თევზი იყო. კომპანიამ საქმიანობა 1930-იან წლებში დაიწყო, როგორც სავაჭრო ფირმამ, რომელიც სურსათს ყიდდა. კორეაში ბაზირებულ კომპანიას 40-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა. მათ მნიშვნელოვან წარმატებას მხოლოდ კორეის ომის დაწყების შემდეგ მიაღწიეს, როდესაც იძულებულნი გახდნენ ლოკაცია შეეცვალათ. ადგილმდებარეობის შეცვლასთან ერთად, Samsung-მა ასორტიმენტის დივერსიფიკაცია გადაწყვიტა. 1970-იან წლებში კი კომპანიამ ტექნოლოგიური გიგანტობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა და ტელევიზორების ექსპორტი დაიწყო.

Nokia - ქაღალდის პროდუქტები

ეს ფინური კომპანია ცნობილი მობილური ტელეფონების წარმოებით გახდა - 1990-იანი წლებიდან მათმა საკულტო ზარის მელოდიებმა კი Nokia-ს ელექტრონიკის ისტორიაში მყარად დაუმკვიდრა ადგილი. თუმცა, რეალურად ამ მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიის ასორტიმენტში რესპირატორები, ავტომობილის საბურავები და რადიოები შედიოდა. კიდევ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1860-იან წლებში კი კომპანიის დამფუძნებელმა, ფრედრიკ იდესტამმა, საქმიანობა მაკულატურის ქარხნით დაიწყო, რომელიც ძირითადად Nokia-ს ბრენდის ტუალეტის ქაღალდს აწარმოებდა.

Sony - ბრინჯის სახარში

Sony-ს დამფუძნებლის, მასარუ იბუკას მიერ შექმნილ პირველ პროდუქტს საკმაოდ მარტივი მიზანი ჰქონდა: მას სურდა თავის თანამშრომლებს იმ ბრინჯის სწრაფად და მარტივად მომზადებაში დახმარებოდა, რომელსაც ისინი საჩუქრად იღებდნენ. ამ მარტივ მიზანს მარტივი პროდუქტი შეესაბამებოდა. რეალურად, Sony-ს ბრინჯის სახარში ხის სათლი იყო, რომლის ფსკერზეც ელექტროდები იყო დამონტაჟებული. მოწყობილობას წყალი უნდა გაეცხელებინა და ბრინჯი იდეალურად მოეხარშა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. აპარატი აბსოლუტურად არასაიმედო იყო - იგი ან ზედმეტად გადახარშულ ფაფას ამზადებდა, ან უმს. საბოლოოდ, Sony-ს პირველი პროდუქტი კომპანიის პირველ მარცხად იქცა და ბრინჯის სახარში გაყიდვაში არც ჩაშვებულა. მოგვიანებით ბრენდმა წარმატებას აუდიო აღჭურვილობით მიაღწია, ხოლო სამზარეულო ტექნიკაზე უარი თქვა.

Nintendo - ჰანაფუდას ბანქო

ამ სიიდან, განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური გზა, ალბათ, Nintendo-ს აქვს. ხელოსანმა ფუსაჯირო იამაუჩიმ დააფუძნა კომპანია, რათა კიოტოში მდებარე თავისი მაღაზიიდან ხელით დამზადებული "ჰანაფუდას" ბანქოები გაეყიდა. ჰანაფუდას კარტები სათამაშო ბანქოს სახეობაა, რომელიც სხვადასხვა თამაშებისთვის გამოიყენება. ამ საწყისებიდან თითქმის საუკუნე დასჭირდა იმას, რომ Nintendo-ს ელექტრონული თამაშების ბაზარზე დაემკვიდრებინა თავი და საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი გამხდარიყო. მიუხედავად მათი კონსოლებისა და კომპიუტერული თამაშების დიდი წარმატებისა, კომპანიას საკუთარი ფესვები არ დაუვიწყებია. ისინი დღემდე აგრძელებენ იაპონიაში სათამაშო კარტების წარმოებას და მათ დიზაინში ხშირად თავიანთი პოპულარული ფრენჩიზების, მაგალითად პოკემონის თემატიკას იყენებენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთში დიდი მოსავალია: როგორ აისახება ეს ქართული თხილის ფასზე?

თურქეთში დიდი მოსავალია: როგორ აისახება ეს ქართული თხილის ფასზე?

BM.GE

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა გამოწვევების წინაშეა მოცვის სექტორი და რას ფიქრობს სამინისტროს ინიციატივებზე? - "ბლუბერიას" შეფასება

რა გამოწვევების წინაშეა მოცვის სექტორი და რას ფიქრობს სამინისტროს ინიციატივებზე? - "ბლუბერიას" შეფასება

BM.GE