
თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, იგივე მასალის სალათის კონტეინერი რატომ არ არის უსაფრთხო?! – “ლანჩ გრუპი”
“თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, არის უსაფრთხოა და არ აბინძურებს გარემოს, იგივე სალათის კონტეინერი ზუსტად იმ მასალით, რატომ არ არის უსაფრთხო?!. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ”- ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში კომპანია “ლანჩ გრუპის” დამფუძნებელი ნინო მელაძე აცხადებს.
მან გადაცემაში პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაზარზე კანონის არაერთგვაროვანი აღსრულება ხდება. პრობლემაა შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციაც.
“[აკრძალვის მიუხედავად] პლასტმასის კონტეინერების იმპორტს ისევ ვახორციელებ, იმიტომ რომ იმპორტს მოჰყვება თავისი ბიოლოგიური დასკვნები, რომ თავსებადია კვებასთან და არანაირ პრობლემას არ ქმნის, უსაფრთხოა და მოჰყვება სერტიფიკატებიც, ლაბორატორიული დასკვნებიც, რომელიც მიტანილიც მაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ასე რომ, იმპორტი მე არ შემზღუდვია.
თუმცაღა ერთ-ერთი ქსელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოგაქვს და აკეთებთ იმპორტს, მე კონკრეტულად ამიკრძალეს ამაში მომხმარებელს ჩავუდო საკვები პროდუქტი და გავატანოო. თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, არის უსაფრთხოა და არ აბინძურებს გარემოს, იგივე სალათის კონტეინერი ზუსტად იმ მასალით, რატომ არ არის უსაფრთხო?!. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
როცა ტვირთი მზად არის, რომ საზღვარი გადმოკვეთოს, მე თვითონვე წინასწარ თადარიგს ვიჭერ და მარტივი შეკითხვით მივმართავ [შესაბამის უწყებებს]: რა პერიოდში შემიძლია რომ კიდევ განვახორციელო პროდუქციის შემოტანა, ისე არ მოხდეს, რომ საზღვარზე განბაჟების წინ გავჩერდე და უკან გასაბრუნებელი გამიხდეს. ვინმე თუ არის კომპეტენტური პირი, რომელიც მეტყვის, რომ მეტ ჭიქას ვეღარ შემოიტან პოლიპროპილენს, მეტ პეტისგან დამზადებულ კონტეინერს ვეღარ შემოიტან, ამისი პასუხი ასე კონკრეტულად არავის არა აქვს.
იმპორტიორებიც ერთმანეთთან ვცვლით ინფორმაციას. ისევ დაშვებულია მაგალითად ქაღალდის ჭიქისთვის ყავისთვის რომ თავსახური დაეხუროს? ამასაც ძალიან ბევრი კითხულობს. კონკრეტული პასუხი მე არავისგან არაფერი არ მაქვს. ჩემთვის არავის არ დაურეკავს და არ უთქვამთ, რომ აღარ გაყიდო ჩვენ ჩვენს თავს ვუვლით, ჩვენს ბიზნესს უვლით ასე.
რატომ მოხდა, რომ ბოთლებით [სასმლის მიწოდება] გახდა დასაშვები და რატომ არა ჩვენთვისაც ყოფილიყო რეგულაცია ოთხი წლით გადავადებული?!. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა. თუ კანონი არსებობს ყველასთვის თანაბრად უნდა არსებობდეს”,-აცხადებს ნინო მელაძე.
კითხვებს აჩენს პლასტიკის ალტერნატივების ხარისხიც. როგორც ნინო მელაძე განმარტავს, დაბალი ხარისხის ქაღალდის შეფუთვა, რომელიც ცხელ ან გაყინულ საკვებთან შედის კონტაქტში, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ისეთივე საფრთხის შემცველი იყოს, როგორც პლასტმასი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს საჭიროებს.
BM.GE
წყარო: bm.ge