
თუ უფასო ელექტროენერგიას აძლევ, მაინერებს ჩართავს თუ მაცივარს, მისი საქმეა - ავთანდილ კუჭავა მესტიაზე
„თუ უფასო ელექტროენერგიას აძლევ, დაამაინინგებს თუ მაცივარს გამოიყენებს, მისი საქმეა“ - ამის შესახებ BMG-სთან Pixel Academy-ს დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა საუბრობს და შსს-ს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინინგის აპარატების ამოღების საკითხს ეხმაურება.
მისი თქმით, მაინინგით დაკავებულ პირებს უკანონო არაფერი ჩაუდენიათ, რადგან მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება უფასო იყო.
„თან აბრალებენ - ფიცი გატეხესო. ფიცი არ გაუტეხავთ. ვინც დაიფიცა, მან მართლა გათიშა: ზოგი ამერიკაში წავიდა სატაქსაოდ და 10 ცალი მაინერი დატოვა. ზოგმა საერთოდ მიატოვა იქაურობა და ასევე, სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ. ადამიანები, რომელთაც მაინინგი უნდა ჰქონოდათ, განვითარებულიყვნენ და ერთმანეთს მიხმარებოდნენ, ახლა გაქცეულები არიან.
ისეთი მაინერი თუ ვინმეს ექნება მანდ რომელიც ენერგომომარაგებას აზარალებს ისევ თვითონ იქნებიან ხომ? გამოდის, რომ ისევ თავად ამაინინგებენ, მოსახლეობას ბეგრავენ და დანარჩენ მოსახლეობაზე მანიპულირებენ - „ვაიმე სვანეთში რატომ უნდა ამაინინგებდეს ვიღაც უფასოდ“. თუ უფასო ელექტროენერგიას აძლევ, მაშინ დაამაინინგებს. მაცივარს გამოიყენებს თუ გათბობას ჩართავს, ეს მისი საქმეა. მაშინ, ნუ მისცემ უფასოდ“ - აცხადებს ავთანდილ კუჭავა BMG-სთან.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები პროპაგანდას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვის მთავარი პრობლემა კი, მოძველებული ინფრასტრუქტურა და მსხვილი ინდუსტრიული ობიექტებია.
„დღეს ისრები მიდის რაღაც ხელსაწყოსკენ... აიფონის ბრალია დღეს რომ ელექტროენერგია გვაქვს? სასაცილოა. სვანეთში პირველი პრობლემა არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სადაც 40-45% დანაკარგია. მერე - სახერხი საამქროები, სადაც „დენიკინის“ დროინდელი მატორები უყენიათ. მარტო ერთი ასეთი სახერხი 300 ოჯახის მაინერს უდრის,“ - ამბობს კუჭავა.
მისი ხედვით, კრიპტოვალუტის მოპოვება არა რეგიონის დაქცევის, არამედ მისი ეკონომიკური აღორძინების მთავარი იარაღი შეიძლება გახდეს.
„ამ ყველაზე კეთილშობილ მოწყობილობას შეუძლია, რომ არსებული პრობლემები გადაჭრას. თითოეულ ოჯახს თითო თანამედროვე მაინერი რომ ვაჩუქოთ, იმ პირობით, რომ ისინი გამრიცხველიანდებიან, მოხდება საოცრება. რეალურად, მოსახლეობა გადასახადს საკუთარი ჯიბიდან კი არ გადაიხდის, არამედ მაინერის მიერ გამომუშავებული თანხით. ყველაზე ცუდ ვარიანტშიც კი, დენის ფულის დაფარვის შემდეგ, ოჯახს თვეში 600-700 დოლარი დარჩება სუფთა მოგება“ - აცხადებს ავთანდილ კუჭავა.
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად აგენერირებდნენ ციფრულ ვალუტას და არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ, 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობა გამრიცხველიანდება.
BM.GE
წყარო: bm.ge