
თურქეთი საქართველოში ევროპიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილების ნაწილს საზღვარზე არ ატარებს - ასოციაცია
ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ქართველ ავტოიმპორტიორებს თურქეთის საზღვარზე გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. როგორც ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, პრობლემა ძირითადად ეხება იმ დილერებს, რომლებსაც ავტომობილები ბულგარეთის გავლით, თურქეთის ტერიტორიის ტრანზიტით შემოჰყავთ.
მისი თქმით, საზღვარზე ავტომობილების დიდ ნაწილს არ ატარებენ, გარკვეულ შემთხვევებში კი გატარება დამატებითი გადასახადების დაკისრების შემდეგ ხდება. ასოციაცია პრობლემის მოსაგვარებლად საგარეო უწყებასთან თანამშრომლობს და იმპორტიორებს კონკრეტული მაგალითების მიწოდებისკენ მოუწოდებს.
"ბულგარეთიდან გადმოსული დილერები, რომლებსაც ავტომობილები ევროკავშირიდან შემოჰყავთ, იძულებულები არიან, თურქეთის საზღვარი გამოიარონ. თავდაპირველად, საზღვრის კვეთისას პრობლემა სატვირთო ავტომობილებს შეექმნათ - მათ არ უშვებდნენ, მოგვიანებით კი, დამატებითი გადასახადის გადახდის შემდეგ გამოატარეს. ახლა კი უკვე მსუბუქ ავტომობილებს მიადგნენ და, ჩვენი ინფორმაციით, დიდ ნაწილს არ უშვებენ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომუნიკაცია გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და თურქეთში საქართველოს საელჩოსთან. თურქეთში საქართველოს კონსული აქტიურად არის ჩართული პროცესში, თუმცა, როგორც გვითხრეს, საგარეო უწყებას რეაგირებისთვის კონკრეტული შემთხვევები სჭირდებათ. შესაბამისად, ჩემი თხოვნაა, უახლოეს დღეებში დაგვიკავშირდეს ჩვენი წევრების ის ჯგუფი, ვინც ამ პრობლემას წააწყდა. გვჭირდება კონკრეტული მაგალითები და ავტომობილების მონაცემები, რათა ეს ყველაფერი ერთ პაკეტად გავაერთიანოთ, მივაწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კონსულს, შემდეგ კი თურქულ მხარესთან რეაგირება ვთხოვოთ," - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
გარდა საზღვარზე არსებული დაბრკოლებებისა, ალექსი ნონიაძემ "ანალიტიკას" ეთერში იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც დარგი უფრო დიდი ხანია დგას. მისი თქმით, ასეთი პრობლემა საქართველოსთვის რეგიონული საავტომობილო ჰაბის სტატუსის პოტენციური დაკარგვაა, რადგან ქვეყანას ჰყავს კონკურენტები, მაგალითად, სომხეთის სახით.
ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, შექმნილი გამოწვევების ფონზე, სექტორისთვის გამოსავალი იმპორტისა და ექსპორტის ახალი ბაზრების მოძიებაა. თუმცა, ეს პროცესი მნიშვნელოვან ფინანსებთან არის დაკავშირებული.
"შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ახალი იმპორტისა და ექსპორტის ბაზრების მოძიებაა. თუმცა, ეს პროცესი სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რასაც დამოუკიდებლად ვერც ასოციაცია და ვერც რომელიმე ცალკეული კომპანია ვერ გასწვდება. სწორედ ამიტომ, ვაპირებთ ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ კომპანიები ამ თემით დავაინტერესოთ და ძალები გავაერთიანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონკურენტები არიან, დღეს მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი ერთ გემში ზის - ყველას შეუმცირდა ვაჭრობა, შემოსავლები და, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილებიც" - აღნიშნა ნონიაძემ.
ალექსი ნონიაძემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთის მზარდ ინტერესებზე რეგიონში და აღნიშნა, რომ ჩინური ავტოინდუსტრია უკვე არა მხოლოდ ახალ, არამედ მეორად ავტომობილებსაც სთავაზობს ბაზარს. მისივე თქმით, თუ საქართველოს, როგორც ავტოჰაბის ფუნქცია შესუსტდება, ამით პირველ რიგში ჩინეთი ისარგებლებს, რომელიც ცენტრალური აზიის ბაზრის სრულად ათვისებას ცდილობს.
"ეს პროცესები ფაქტობრივად ჩინეთის ინტერესებშია. როდესაც ამერიკული ბაზარი დაიკეტება, ჩინეთი შიდა ბაზარს აბსოლუტურად აითვისებს. ჩვენ აქამდე ალტერნატიულ ავტოჰაბს წარმოვადგენდით ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. თუ აქედან ყველაფერი ჩაიკეტა, ცენტრალური აზიისთვის ერთადერთ მომწოდებლად ჩინური ავტომობილები დარჩება. ჩინეთს მთლიანად აინტერესებს ეს რეგიონი - ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. რუსეთის ბაზრის თითქმის 80% მათ მიერ უკვე ათვისებულია.
ადგილობრივი ბაზრისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ავტოჰაბის სტატუსი შეიძლება დავკარგოთ. ჩინური კომპანიები ჩვენ, როგორც ავტოჰაბს, ვერ აღგვიქვამენ, მათთვის მთავარი ჩვენი შიდა ბაზარია. შესაძლოა, ისინი პირიქით, დაინტერესებულნიც იყვნენ, რომ ეს ავტოჰაბი საერთოდ არ არსებობდეს, რადგან მასში კონკურენტს ხედავენ," - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ნონიაძის განცხადებით, შექმნილ რეალობაში მხოლოდ კერძო სექტორის მცდელობები საკმარისი არ იქნება და აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა, რათა ქვეყანამ რეგიონული ფუნქცია არ დაკარგოს.
"მთავარია, ჩვენ რა გვჭირდება და ვინმემ უნდა იფიქროს იმაზე, თუ სად არის გამოსავალი. მარტო ასოციაცია ან კომპანიები ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებიან, თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა არ იქნება. არ მინდა შეთქმულების თეორიებში შევიდე, თუმცა ჩნდება ალტერნატივები - მაგალითად, ე.წ. ტრამპის დერეფანი. ჩვენ ნელ-ნელა გვეცლება ის სტრატეგიული შესაძლებლობები, რაც ქვეყნის მიმართ ინტერესსაც ამცირებს," - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge