
UBS-ის დაბეგვრამდე მოგება მესამე კვარტალში 27%-ით, $3.59 მილიარდამდე გაიზარდა
2026 წლის მესამე კვარტალში შვეიცარიული საბანკო გიგანტის, UBS-ის დაბეგვრამდე მოგება წლიურად 27%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების პროგნოზების შესაბამისად, $3.59 მილიარდს გაუტოლდა. ბანკის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ინსტიტუტის წმინდა მოგებამ $2.7 მილიარდი შეადგინა და ბაზრის წინასწარ შეფასებებს სრულად დაემთხვა.
საყურადღებოა, რომ ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე გადამწყვეტი გავლენა აქტივების მართვის გლობალურმა მიმართულებამ იქონია. ამ სეგმენტში ახალი წმინდა აქტივების შემოდინებამ $55.1 მილიარდი შეადგინა, კლიენტთა მხრიდან აღებულმა ახალმა ვალდებულებებმა კი $12.5 მილიარდს მიაღწია. ამასთან, ბანკის გადახდისუნარიანობის საზომი CET1 კაპიტალის კოეფიციენტი წინა კვარტალის 14.4%-იანი მაჩვენებლიდან 14.7%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ყოფილი მეტოქე Credit Suisse-ის ინტეგრაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ პროცესის შედეგად ბანკი თავდაპირველად ნავარაუდები $13.5 მილიარდის ნაცვლად, $13.7 მილიარდის ჯამურ დანაზოგს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, UBS-ის აქციების ფასი 2.27%-ით შემცირდა და $45.73 შეადგინა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბანკის აქციების ფასი დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge