
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღია, რაც ფასების ზრდასაც განაპირობებს - სოსო ფხაკაძე
„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ჯანსაღია.
როგორც სოსო ფხაკაძემ BMG-სთან სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებისას განაცხადა, ბოლო წლებში მზარდი მოთხოვნის ფონზე, უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება, რაც დარგს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის.
„ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგი მაკროეკონომიკური გარემოა, ერთ-ერთი პირველი, სადაც თანხას სადაც დებენ, არის უძრავი ქონება. იმიტომ, რომ ძალიან მარტივია დაანგარიშება, რისი შოვნა შეიძლება ამ სექტორში, რადგან სტატისტიკა გვაჩვენებს, რამდენად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი ბოლო სამი წლის განმავლობაში და ამ დინამიკას, როდესაც პრეზენტაციებში უცხოელები თუ ქართველები ხედავენ, ბუნებრივია, მოტივაცია მაღალია, რომ ჩადონ თანხა უძრავ ქონებაში.
ასევე მეორე ფაქტორი, რაც აადვილებს უფრო უძრავი ქონებისთვის ფინანსების მოზიდვას არის ის, რომ პირველ რიგში შედარებით მარტივი ბიზნესი, ვიდრე მაგალითად, ინდუსტრიული საწარმოების აშენება უცხოელებისთვის. ამიტომ ერთ-ერთი პირველი, რასთანაც შეხება უცხოელ ინვესტორს აქვს ამა თუ იმ ქვეყანაში, არის უძრავი ქონება. ამიტომ ამ ფაქტორების ერთობლიობის გამო, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ბოლო სამ წელიწადში უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
მოთხოვნა არის ჯანსაღი. შეიძლება ნებართვების გაცემის რაოდენობა შემცირდა, ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ბოლო ორ-სამ წელიწადში მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად იმუშავა და მნიშვნელოვანი ოდენობის, რაც უნდოდა ბაზარს, ის ნებართვები გასცეს. შეიძლება ამ ტემპის აქსელერაცია 2027 წელსაც მოხდეს, გაგრძელდეს, მაგრამ დღეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მოთხოვნა-მიწოდება არის დაბალანსებული. არსებობს მიწოდება, არსებობს მოთხოვნა, ეს არის ჯანსაღი და რაც განაპირობებს იმას, რომ ფასები, რასაკვირველია, ოდნავ დასტაბილურდა, ისე აღარ იზრდება, როგორც გასულ წლებში, ეს ლოგიკურია, მაგრამ ის იზრდება და შეიძლება მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალ წელს. ეს განაპირობებს იმას, რომ გაცემული ნებართვებიც გაიზრდება და შესაბამისად ფასებიც კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს არის მთავარი, რომ ჩვენი, „ბიოგრაფის“ ფოკუსი არის და ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ მაღალი ხარისხის შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ურბანულ განვითარებაში შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.