უკრაინულმა დრონებმა „ნევინომისკის აზოტს“ და თბოელექტროსადგურს დაარტყეს
სტავროპოლის მხარის გუბერნატორის, ვლადიმირ ვლადიმიროვის განცხადებით, 26 ნოემბერს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამრეწველო ზონას დაარტყეს, სადაც სასუქების მსხვილი საწარმო მდებარეობს, რომელიც კომპონენტებს რუსული იარაღისთვისაც აწარმოებს.
სამიზნე, სავარაუდოდ, ქარხანა "ნევინომისკის აზოტი" (Невинномысский Азот) იყო - რუსეთში მინერალური სასუქებისა და იმ ქიმიკატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად გამოიყენება. საწარმო ყოველწლიურად 1 მილიონ ტონამდე ამიაკსა და 1 მილიონ ტონაზე მეტ ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს, რაც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საარტილერიო ჭურვების წარმოებაში გამოიყენება.
ვლადიმიროვის თქმით, ღამით "ქალაქ ნევინომისკის სამრეწველო ზონაზე მასირებული დრონების შეტევა" განხორციელდა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ნაწილობრივ მოიგერია. მისი განცხადებით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა ტერიტორიაზე "სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები" დააზიანა.
გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა და უნივერსიტეტის ნაწილი, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ვლადიმიროვს სამრეწველო ობიექტებზე მიყენებული ზიანის შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია.
მონიტორინგის არხ Exilenova-Plus-ის ცნობით, ადგილობრივებმა აფეთქებების ხმა გაიგეს როგორც "ნევინომისკის აზოტის", ისე ქალაქის თბოელექტროსადგურის სიახლოვეს. აფეთქებების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
დამოუკიდებელი რუსული Telegram-არხის, Astra-ს ანალიზით დადგინდა, რომ დარტყმა ნევინომისკის თბოელექტროსადგურზეც განხორციელდა, რომელიც "ნევინომისკის აზოტის" პირდაპირ მდებარეობს. აღნიშნული ობიექტი მსხვილი ელექტროსადგურია, რომელიც "ნევინომისკის აზოტის" ქარხანას ელექტროენერგიით ამარაგებს.
მომხდარზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კიდევ უფრო ადრე, 25 ნოემბერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ლაზერულმა სისტემამ საბრძოლო პირობებში პირველად შეძლო რუსული რეაქტიული დრონის, "გერანის" (Geran) წარმატებით განადგურება - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, სერჰი "ფლეშ" ბესკრესტნოვმა განაცხადა.
ბესკრესტნოვის ინფორმაციით, ლაზერული სისტემა "ბლისკი" (Blysk), რომელიც კომპანია Carmine Sky-მ განათავსა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს იცავდა.
"ლაზერის სერიულ წარმოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ტესტირება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ლაზერები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს იცავს", - აღნიშნა მან.
უკრაინის მიერ "ბლისკის" გამოყენება იმ ფონზე ხდება, როდესაც ლაზერული იარაღი ტრადიციული საჰაერო თავდაცვის რაკეტების უფრო იაფ ალტერნატივად სულ უფრო აქტიურად ვითარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული "ბლისკის" სიმძლავრე ოთხი კილოვატია, ხოლო ეფექტური მოქმედების რადიუსი ერთ კილომეტრამდე აღწევს.
აქამდე კიევის თავზე მუდმივი ღრუბლიანობა და ნისლი სისტემას რუსულ დრონებთან ეფექტურად ბრძოლაში ხელს უშლიდა. ცუდ ამინდში ლაზერის ეფექტიანობა მცირდება, რადგან ღრუბლის საფარს შეუძლია სხივი გაფანტოს მანამ, სანამ ის დრონს მიაღწევს.
