
"უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა" | ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძეს ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის" ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იღებს თუ არა სრულ პასუხისმგებლობას მის საქმიანობაზე.
"ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მას ყველა იმ კარგი საქმისთვის, რაც გუნდისა და ქვეყნისთვის გაუკეთებია", - განაცხადა კობახიძემ.
ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით რომ ციხეში მდინარაძისგან მუქარის წერილი მიიღო, სადაც ის დანაშაულის აღიარებას ითხოვდა, კობახიძე ამბობს, რომ მსგავს საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
"უფლებაც კი არ მაქვს, ამაზე კომენტარი გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ საკითხებზე ექსკლუზიურ გადაწყვეტილებას საგამოძიებო ორგანოები იღებენ", - თქვა კობახიძემ.
27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მანამდე მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს [სუს] ხელმძღვანელობდა, თუმცა აპრილში თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.
BM.GE
წყარო: bm.ge