
უცხოელებმა საქართველოს მოქალაქეს $200 000-ად ყალბი აქციზის მიყიდვას დაჰპირდნენ - დაკავებულია 2 პირი
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ. ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge