
ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი - როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. როგორც ცნობილია, მათ საქართველო-თურქმენეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
BM.GE დაინტერესდა, თუ როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვამ 102 597 400 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 81 271 700 დოლარს უდრიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბრუნვა 2025 წელს წლიურად 26.2%-ით გაიზარდა.
რას ვყიდულობთ?
2026 წლის პირველ ოთხ თვეში, საქართველომ თურქმენეთიდან იმპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ენერგორესურსებსა და აგროპროდუქტებზე დაიკავა. ლიდერი პოზიცია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უკავია, რომლის იმპორტმაც დაახლოებით 8.6 მილიონი დოლარი შეადგინა და მთლიან შესყიდვებში დომინანტური ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილზეა პომიდორი, დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარის მოცულობით, რაც აგროსექტორის მნიშვნელოვან წილს უსვამს ხაზს. შემდეგ მოდის პროპილენისა და სხვა ოლეფინების პოლიმერები პირველადი ფორმებით - დაახლოებით 880 ათასი დოლარის ღირებულებით, რაც ქიმიური და პლასტმასის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტზე მიუთითებს.
შედარებით მცირე მოცულობებით, თუმცა სტრუქტურულად მრავალფეროვანი იმპორტი შემდეგ კატეგორიებში დაფიქსირდა: შოკოლადი და კაკაოს შემცველი საკონდიტრო ნაწარმი - 470 ათასი დოლარი; მინერალური აზოტოვანი სასუქები - 458 ათასი დოლარი; ნავთობის კოქსი და ბიტუმი - 292 ათასი დოლარი; პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი - 278 ათასი დოლარი; ბიტუმოვანი ნარევები და ბუნებრივი ასფალტი - 264 ათასი დოლარი; პლასტმასის სამშენებლო დეტალები - 106 ათასი დოლარი და მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმაც 99 ათასი დოლარი შეადგინა.
რას ვყიდით?
საქართველოდან თურქმენეთში ექსპორტის სტრუქტურა 2026 წლის პირველ თვეებში მრავალფეროვანი იყო და რამდენიმე ძირითადი კატეგორია გამოიკვეთა.
ექსპორტის ლიდერ პოზიციაზეა ხორცი და ფრინველის კვების სუბპროდუქტებია, რომლის მოცულობამ დაახლოებით 7.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კატეგორია მთლიან ექსპორტში ყველაზე დიდ წილს იკავებს და ძირითად საექსპორტო მიმართულებად რჩება. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები - დაახლოებით 3.2 მილიონი დოლარის ღირებულებით, რაც აჩვენებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები თურქმენეთის ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ექსპორტის პროდუქტია.
შემდგომი პოზიციები შედარებით მცირე მოცულობებით ნაწილდება. მათ შორისაა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 802 ათასი დოლარი, ასევე ყავის, ჩაისა და მატეს ექსტრაქტები და კონცენტრატები - 538 ათასი დოლარი. ექსპორტში ასევე შედის მინერალური და მტკნარი წყლები (337 ათასი დოლარი) და სოიოს ზეთის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები (კოპტონი) - 264 ათასი დოლარი, რომელიც ძირითადად ცხოველთა საკვებად გამოიყენება.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქმენეთში გაიყიდა ფეიერვერკები და პიროტექნიკა - 220 ათასი დოლარის ოდენობით, ორთოპედიული მოწყობილობები და ხელოვნური ნაწილები - 201 ათასი დოლარი, ასევე შაქრიანი და არომატიზებული წყლები - 162 ათასი დოლარი. ექსპორტის ჩამონათვალს ასრულებს ალკოჰოლური სასმელები, რომლის ღირებულებამ 156 ათასი დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები:
2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თურქმენეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 168,400 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლების დინამიკა საერთო ზრდის ტენდენციას აჩვენებს. 2025 წელს თურქმენეთიდან გზავნილების მოცულობა თითქმის 348 ათას დოლარს აღწევდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 186 ათასი დოლარი იყო, 2023 წელს - 243 ათასი დოლარი, 2022 წელს - 178,500 დოლარი, ხოლო 2021 წელს - 70,800 დოლარი.
FDI:
2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2.039 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 981 ათასი დოლარი იყო. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 98 ათას დოლარს უდრიდა, ხოლო 2022 წელს - 1.1388 მლნ დოლარი იყო. 2021 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.136 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
ტურიზმი:
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ თურქმენეთიდან 4,397 ვიზიტორი მიიღო, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,263-ს შეადგენდა. შესაბამისად, ამ ბაზრიდან ვიზიტორთა რაოდენობა წლიურად 3.1%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge