
ვაჭრობა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა... - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა UAE-ს ეკონომიკის მინისტრთან?
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპსა და საინვესტიციო გარემოზე.
"აღინიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ბიზნესის განვითარების პოტენციალი განაპირობებს.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.
საუბარი შეეხო ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხაზი გაესვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავაც მონაწილეობდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge