
ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტორების სანდო პარტნიორის, პოზიციების განმტკიცებას | პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს, ქვეყნის როგორც საერთაშორისო ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების სანდო პარტნიორის, პოზიციების განმტკიცებას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის ორგანიზებით გაიმართა.
"უფრო ფართო რეგიონული დაკავშირებადობა და ეკონომიკური ინტეგრაცია ჩვენი ხედვის ცენტრშია, რადგან ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტების სანდო პარტნიორის, პოზიციების განმტკიცებას.
დღევანდელი მრგვალი მაგიდა იძლევა ღირებულ შესაძლებლობას ამ დიალოგის გასაღრმავებლად. დისკუსიები რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოზე, რეზერვების მართვაზე, ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებსა და საფინანსო სექტორში ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლზე ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას გამოცდილების გაზიარების, პერსპექტივების მიმოხილვისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა.
„გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ცვლილება, ფინანსური ბაზრების მერყეობა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები გლობალურ ეკონომიკურ ლანდშაფტს ცვლის. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ღია ეკონომიკა და ძლიერი რეგიონული თუ საერთაშორისო კავშირები აქვთ, ეს მოვლენები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჯანსაღი ეკონომიკისა და სულ უფრო კომპლექსურ გარემოსთან ადაპტაციის უნარის მნიშვნელობას. ამ ფონის გათვალისწინებით, საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური მდგრადობა აჩვენა და სტაბილური ზრდა შეინარჩუნა. 2021-2025 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, რითაც საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორისაა. ძლიერი დინამიკა გაგრძელდა 2026 წელსაც - პირველ 7 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, საქართველოს საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, მაღალპროდუქტიული სექტორები იყო, მათ შორის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ფინანსური მომსახურება და ტრანსპორტირება. ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები გამყარებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობით. 2023–2024 წლებში საშუალო ინფლაცია 1.8%-ის დონეზე შენარჩუნდა. თუმცა, 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად ნავთობზე გლობალური ფასების მატებით იყო განპირობებული. საქართველომ მნიშვნელოვნად შეავსო სავალუტო რეზერვები. 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სავალუტო რეზერვები გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლსა და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ საერთაშორისო აღიარებაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.
საფინანსო სექტორმა ასევე დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესში. 2023 წელს მასზე მოდიოდა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%. სექტორი, რომელიც აერთიანებს 15 ბანკს — მათ შორის 3 ციფრულ ბანკსა და 2 მიკრობანკს — რჩება მდგრადი და კარგად კაპიტალიზებული, რასაც განამტკიცებს კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები და აქტივების მაღალი ხარისხი.
ქართული საფინანსო ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთი დადებითი მოვლენაა. წამყვანი ქართული ბანკების ყოფნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ასახავს სექტორის მზარდ ინტეგრაციას გლობალურ საფინანსო სისტემაში და მის მზარდ მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
ტრადიციულ საბანკო სექტორთან ერთად, საქართველო ავითარებს ჩარჩოებს, რომლებიც ბაზარს უხსნის ახალ ფინანსურ მოდელებს და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას.
ეს მოიცავს ციფრული ბანკებისა და მიკრობანკების სალიცენზიო ჩარჩოებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და სტაბილკოინების ემიტენტების მარეგულირებელ ჩარჩოებს.
ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით კაპიტალის ბაზრების გაღრმავებისა და ინვესტიციებისთვის მზარდად კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის", - განაცხადა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge