
ვაკვირდებით შრომით ბაზარს, რა უკუშედეგი ექნება უცხოელების დასაქმების კვოტირებას - გიორგი ცაგარეიშვილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მთავრობა შრომის ბაზარს დააკვირდება როგორ აისახება უცხოელების დასაქმებაზე კვოტირების სისტემის შემოღება, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელზე.
ასე უპასუხა ცაგარეიშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, პარლამენტის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის კითხვას: 29 000-იანი კვოტის დაწესებისა და გარკვეულ ვაკანსიებზე უცხოელთა შეზღუდვის შემდეგ, გათავისუფლდა თუ არა სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის და დასაქმდნენ თუ არა ისინი მიგრანტების ნაცვლად.
"პირველ მარტამდე საქართველოში დადგენილი იყო სხვა სტანდარტი დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ჰქონდათ ვალდებულება, ჯანდაცვის ერთიან რეესტრში დაერეგისტრირებინათ მათთან დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე, ჩვენ გვყავდა ასეთი 62 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ლეგალურად იყვნენ დარეგისტრირებულები, თუმცა მათზე არ გვქონდა სრული ინფორმაცია სად მუშაობდნენ, რა იყო მათი შემოსავალი და ა.შ.
ამის შემდეგ პარლამენტის მიერ შემოღებულ იქნა განსხვავებული წესი და დაიწყო თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაცია. სტანდარტი ორად გაიყო: ერთი მოქმედებს წლის ბოლომდე, ხოლო იმ 62,000 ადამიანს, რომლებიც უკვე ფიქსირდებოდნენ, რეგისტრაციის ვალდებულება გადაუვადდათ მომავალი წლის 1 იანვრამდე.
ეს 29 ათასი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქსირდება, 95%-ით არის თვითდასაქმებული, რომლებიც მანამდე სისტემაში საერთოდ არ ჩანდნენ. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოვიძიეთ და სისტემის მიღმა იყვნენ დარჩენილები.
რაც შეეხება კვოტირებას, ეს რამდენიმე მიმართულებით არის შემოღებული: მიტანის სერვისი, მსუბუქი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანა (ტაქსები), სამთო გამცილებელი და გიდები.