
"ვფიქრობ, წინა სეზონებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსავალს მივიღებთ" - "ტოროს ფუტკრები"
ფუტკრის რძის მწარმოებელი „ტოროს ფუტკრები“ წელს მოსავლის შემცირებას ელოდება. როგორც BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ანა ტორონჯაძემ განაცხადა, არახელსაყრელი ამინდისა და ფუტკრის დაავადებების გამო, მიმდინარე სეზონზე წარმოებული ფუტკრის რძის მოცულობა, სავარაუდოდ, წინა წლებთან შედარებით ნაკლები იქნება.
"წინა წლებში სეზონზე საშუალოდ 3-4 კილოგრამ ფუტკრის რძეს ვიღებდი, მაქსიმუმი კი 5 კილოგრამი იყო. თუმცა წელს, რადგან ამინდმაც არ შეგვიწყო ხელი და სხვადასხვა დაავადებებიც შეხვდა ჩემს ფუტკარს, ვფიქრობ, რომ წინა სეზონებთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მიღებას შევძლებ", - განაცხადა ანა ტორონჯაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მოცულობა მცირეა, ფუტკრის რძეზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო პროდუქტის რეალიზება პრაქტიკულად სრულად ხდება.
„ფუტკრის რძის წარმოება თაფლის წარმოებისგან ძალიან განსხვავდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, დაახლოებით სამი თვე, ყოველდღიურად გვიწევს მასზე მუშაობა, რადგან ეს ძალიან რთული და სპეციფიკური პროცესია. სწორედ ამიტომ მეფუტკრეების დიდი ნაწილი არჩევანს თაფლის წარმოებაზე აკეთებს. შედეგად, ბაზარზე ფუტკრის რძის რაოდენობაც გაცილებით ნაკლებია, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. თითქმის არასდროს ხდება ისე, რომ სეზონის ბოლოს პროდუქტი დამრჩეს და ვერ გავყიდო. მომხმარებლები წინასწარაც კი მიკავშირდებიან, რადგან უკვე იციან, რამდენად უნიკალური და სასარგებლო პროდუქტია“, – აღნიშნა მან.
ტორონჯაძის ინფორმაციით, ფუტკრის რძის აღება მაისში იწყება და მომხმარებლები პროდუქტის დაჯავშნას წინასწარ ცდილობენ, რაც, მისი შეფასებით, პროდუქტის ცნობადობის ზრდაზეც მიუთითებს.
სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამჟამად „ტოროს ფუტკრებს“ 20-25 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, თუმცა დამფუძნებლის მიზანია მათი რაოდენობა ეტაპობრივად 100-მდე გაზარდოს, რაც ფუტკრის რძის წარმოების ზრდისა და მომხმარებლის მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილების შესაძლებლობას შექმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge