
ვიდეოთამაშების გლობალური გიგანტები - 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია
ვიდეოთამაშები დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე გასართობი პროდუქტი - ეს არის მრავალმილიარდიანი ბიზნესი, რომელშიც ერთმანეთს ტექნოლოგიური გიგანტები, საერთაშორისო გამომცემლობები და დამოუკიდებელი სათამაშო სტუდიები უწევენ კონკურენციას.
ამ ბაზარზე წარმატებას სხვადასხვა გზა განაპირობებს: საკუთარი სათამაშო კონსოლებისა და პლატფორმების განვითარება, გლობალურად პოპულარული თამაშების შექმნა, ცნობილი ფრენჩაიზების ფლობა თუ მობილური გეიმინგის მიმართულებით გაფართოება.
წარმოგიდგენთ ვიდეოთამაშების მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიას, მათი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.
Aristocrat Leisure
რეიტინგის მეათე ადგილს ავსტრალიური კომპანია Aristocrat-ი იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 27 მილიარდ დოლარს შეადგენს. Aristocrat ტრადიციული ვიდეოთამაშების გამომცემლებისგან განსხვავებული ბიზნესმოდელით მუშაობს: კომპანია სათამაშო აპარატებს, კაზინოს ტექნოლოგიებს, ონლაინ გასართობ პროდუქტებსა და მობილურ თამაშებს ქმნის. კომპანიის ცნობილ პროდუქტებს შორისაა Lightning Link, Cashman Casino და Heart of Vegas, რომლებიც Aristocrat-ის შვილობილი გამომცემლის, Product Madness-ის პორტფელში შედის.
Bandai Namco
მეცხრე პოზიციაზე იაპონური კომპანია Bandai Namco-ა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 28.66 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში რამდენიმე ათწლეულია ოპერირებს და ცნობილია როგორც საკუთარი თამაშების შექმნით, ისე საერთაშორისო ბაზარზე პოპულარული ფრენჩაიზების გამოცემით. Bandai Namco-ს პორტფელში შედის ისეთი ცნობილი თამაშები და სერიები, როგორებიცაა Pac-Man, Ace Combat, Dragon Ball, Naruto და Dark Souls. განსაკუთრებული კომერციული და კრიტიკული წარმატება მოიპოვა Elden Ring-მა, რომელიც კომპანია FromSoftware-თან თანამშრომლობით შეიქმნა და საერთაშორისო ბაზარზე Bandai Namco-მ გამოსცა.
Roblox
მერვე ადგილს ამერიკული კომპანია Roblox-ი იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 33.17 მილიარდ დოლარს შეადგენს. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Roblox-ის მთავარი პროდუქტი არა ერთი კონკრეტული თამაში, არამედ ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებლებს მილიონობით სხვადასხვა თამაშისა და ინტერაქციული გამოცდილების შექმნა და გაზიარება შეუძლიათ. პლატფორმა 2006 წელს გაეშვა და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა აუდიტორიაში. კომპანიის ბიზნესმოდელი ვირტუალურ ვალუტა Robux-ს ეფუძნება, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები თამაშებში სხვადასხვა ნივთს ყიდულობენ. ამასთან, პლატფორმა დამოუკიდებელ დეველოპერებს საკუთარი თამაშების მონეტიზაციის შესაძლებლობასაც აძლევს.
Take-Two Interactive
მეშვიდე პოზიციაზე ამერიკული ვიდეოთამაშების გამომცემელი Take-Two Interactive-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 39.06 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია რამდენიმე ცნობილ სათამაშო სტუდიასა და გამომცემლობას აერთიანებს, მათ შორის Rockstar Games-ია, რომლის სახელსაც ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზი Grand Theft Auto უკავშირდება. კომპანიის პორტფელში ასევე შედის Red Dead Redemption, Max Payne, Mafia და სხვა.
Sea Limited
მეექვსე ადგილს სინგაპურული ტექნოლოგიური კომპანია Sea Limited იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 40.38 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ციფრულ გასართობ ინდუსტრიას, ელექტრონულ კომერციასა და ციფრულ ფინანსურ მომსახურებებს. ვიდეოთამაშების მიმართულებით Sea Limited-ის მთავარი აქტივი Garena-ა, რომელიც ონლაინ თამაშების დეველოპერობისა და გამოცემის მიმართულებით ოპერირებს. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტია Free Fire - მობილური Battle Royale ჟანრის თამაში, რომელმაც განსაკუთრებით დიდი პოპულარობა აზიის, ლათინური ამერიკისა და სხვა განვითარებადი ბაზრების მომხმარებლებში მოიპოვა.
Nintendo
ხუთეულს იაპონური კომპანია Nintendo ხსნის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 65.26 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და გავლენიანი მოთამაშეა. Nintendo ცნობილია როგორც საკუთარი სათამაშო კონსოლების, ისე მსოფლიოში პოპულარული თამაშების შექმნით. მისი ყველაზე ცნობილი ფრენჩაიზებია Super Mario, The Legend of Zelda, Pokémon, Animal Crossing, Mario Kart და სხვა. Nintendo-ს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საკუთარი უნიკალური პერსონაჟებისა და თამაშების ეკოსისტემაა, რომელიც სხვადასხვა თაობის მომხმარებლებს აერთიანებს.
NetEase
მეოთხე პოზიციაზე ჩინური ტექნოლოგიური კომპანია NetEase-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 67.19 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია ჩინეთის ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა და როგორც მობილურ, ისე კომპიუტერულ და კონსოლებისთვის განკუთვნილ თამაშებს ქმნის და გამოსცემს. NetEase-ის ცნობილ პროდუქტებს შორისაა Fantasy Westward Journey, Identity , Once Human და Where Winds Meet. კომპანიის საერთაშორისო პორტფელი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდა, განსაკუთრებით Marvel Rivals-ის წარმატების შემდეგ, რომელიც გუნდურ, მრავალმომხმარებლიან შუთერის ჟანრს მიეკუთვნება.
Sony
საუკეთესო სამეულს იაპონური კორპორაცია Sony ხსნის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 158.52 მილიარდ დოლარს შეადგენს. Sony გლობალური ტექნოლოგიური და გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია, რომლის საქმიანობა ელექტრონიკას, მუსიკას, კინოსა და ვიდეოთამაშებს აერთიანებს. გეიმინგის მიმართულებით კომპანიის მთავარი აქტივი PlayStation-ია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო კონსოლის ბრენდია. Sony-ს PlayStation Studios-ის ფარგლებში შექმნილი თამაშებიდან განსაკუთრებით ცნობილია God of War, The Last of Us, Marvel’s Spider-Man, Horizon, Uncharted და სხვა. ამ თამაშების ნაწილი არა მხოლოდ კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, არამედ ინდუსტრიის ყველაზე მაღალშეფასებულ პროექტებს შორისაც მოხვდა. Sony-ს კონკურენტული უპირატესობა საკუთარ სათამაშო კონსოლთან ერთად ექსკლუზიური თამაშების ძლიერი პორტფელია, რაც PlayStation-ის ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.
Tencent
მეორე ადგილს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Tencent იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 398.89 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში და სრულად ან ნაწილობრივ ფლობს არაერთ საერთაშორისო სათამაშო სტუდიასა და გამომცემლობას. Tencent-ის საკუთრებაშია Riot Games, რომელიც ისეთი პოპულარული თამაშების შემქმნელია, როგორებიცაა League of Legends და VALORANT. კომპანიის სათამაშო პორტფელში ასევე შედის Honor of Kings, PUBG Mobile და სხვა ცნობილი თამაშები. შედეგად, იგი არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ ითვლება.
Microsoft
რეიტინგის პირველ ადგილს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომლის საქმიანობაც პროგრამულ უზრუნველყოფას, ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნურ ინტელექტსა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიას მოიცავს. გეიმინგის მიმართულებით Microsoft-ის მთავარი ბრენდია Xbox, თუმცა კომპანიის გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა სათამაშო სტუდიებისა და გამომცემლობების შეძენის შემდეგ. Microsoft-ის პორტფელში შედის Minecraft, Halo, Forza Horizon და სხვა.. Activision Blizzard-ის შეძენამ კი მის ეკოსისტემას ისეთი ცნობილი ფრენჩაიზები შემატა, როგორებიცაა Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch და Candy Crush. ამ შენაძენმა Microsoft-ის პოზიციები გლობალურ სათამაშო ინდუსტრიაში კიდევ უფრო გააძლიერა და კომპანია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ აქცია.
BM.GE
წყარო: bm.ge