
ვინ არის ჩინელი მილიარდერი, რომელსაც აშშ-ში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თვითდევნილობაში მყოფ ჩინელ ბიზნეს-მაგნატსა და მილიარდერ გუო ვენგუის ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ფინანსური თაღლითობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფედერალური მოსამართლის განცხადებით, მისმა ქმედებებმა მსოფლიო მასშტაბით 1 000-ზე მეტი ადამიანი ასობით მილიონი დოლარით დააზარალა.
გუო ვენგუის, რომელმაც ჩინეთი ათი წლის წინ დატოვა და აშშ-ში ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკოსად წარმოაჩინა თავი, განაჩენი მანჰეტენის სასამართლოში მოსამართლე ანალისა ტორესმა გამოუტანა.
გუო, რომელიც ერთ დროს ჩინეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა, თორმეტიდან ცხრა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, რომლებშიც მან თავი დამნაშავედ არ ცნო. ბრალდებები მოიცავდა ელექტრონულ თაღლითობას, თაღლითობას ფასიანი ქაღალდებით, საბანკო თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. მას ასევე 889 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) იგი ერთი წლის წინ დააკავა მანჰეტენზე მდებარე მის მდიდრულ ბინაში.
სხდომაზე მოსამართლე ტორესმა აღნიშნა, რომ გუო "იმ ადამიანებს ართმევდა ფულს, რომლებსაც ჩინეთში დემოკრატიის დამყარება სურდათ", რათა თავად მდიდრულად ეცხოვრა.
პროკურორების განცხადებით, იგი გამომწერებს "არარეალურად მაღალ ფინანსურ უკუგებას" ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად ამ ფულს საკუთარი მდიდრული ცხოვრების დასაფინანსებლად იყენებდა.
სასამართლოში გუომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და მხოლოდ მცირედით შეეხო სისხლის სამართლის საქმეს. მან საკუთარი ქმედებების გამართლების მიზნით განაცხადა, რომ აშშ-ში ჩინეთის კომუნისტური პარტიის "განსადგურებლად" ჩავიდა.
მოსამართლე ტორესმა წაიკითხა ამონარიდები დაზარალებულთა წერილებიდან, სადაც ისინი აღწერდნენ, თუ როგორ დაკარგეს მთელი ცხოვრების დანაზოგი, ხოლო ოჯახის წევრები მათ არასწორი საინვესტიციო არჩევანის გამო დაუპირისპირდნენ.