
ვინ და როდის შექმნა კონდიციონერი?
კაცობრიობის განვითარებასთან, საქალაქო ცხოვრების გააქტიურებასა და გლობალურად ტემპერატურის მატებასთან ერთად საზოგადოებისთვის სულ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა დახურულ სივრცეში კლიმატის ისეთმა კონტროლმა, რომელიც საქმიანობის გაგრძელებას კომფორტულს გახდიდა.
ამ მხრივ ყველაზე დიდი გარდატეხა ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა გლობალური დათბობა რიგითი მოქალაქეებისთვის არსებული მასშტაბით პრობლემებს ვერ ქმნიდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1902 წელს პირველი კონდიციონერი ამერიკელმა ინჟინერმა, უილის ქერიერმა ააწყო. როგორც ირკვევა, მოწყობილობა თავდაპირველად არა ადამიანების კომფორტს, არამედ სტამბაში ტენიანობის შემცირებას და ჟურნალის ფურცლების დაზიანების თავიდან აცილებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქერიერმა 1922 წელს ნიუ-იორკის შტატში პირველი ცენტრაფუგული სამაცივრე მანქანაც წარადგინა. მოგვიანებით ინჟინერმა გაყიდვების აგენტ ირვინ ლაილთან ერთად დააფუძნა კომპანია Carrier Corp.-ი, რომელმაც 1950-იან წლებში უკვე ამერიკულ ბაზარზე კონდიციონერების მასობრივი გაყიდვა დაიწყო. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, მოწყობილობამ ფუფუნების საგნის სტატუსი დაკარგა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად იქცა.
დღეს აშშ-ის საცხოვრებელი სახლების თითქმის 90 პროცენტი გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი. რაც შეეხება გლობალურ ათვისებას, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2015 წლის კვლევის თანახმად, ეს კონდიციონერები ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრებ 3 მილიარდზე მეტ ადამიანსაც ეხმარება არსებული გამოწვევების გამკლავებაში.
საყურადღებოა, რომ გაგრილების ამ უნივერსალურ საშუალებას გარემოს დამცველები ხშირად აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ეს მოწყობილობა გლობალური დათბობის ტემპს აჩქარებს და საჭიროა მისი შეზღუდვა.
BM.GE
წყარო: bm.ge