
"ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს" - ძალიან უსამართლო პასუხია|ნინო დობორჯგინიძე
"ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს" - ძალიან უსამართლო პასუხია, ძალიან!" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს.
რექტორი აღნიშნავს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობის განათლების რეფორმამ ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი ჯგუფები დააზარალა.
ნინო დობორჯგინიძე იშველიებს განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის მიერ ოფიციალური მონაცემების ანალიზს, რომლის თანახმად, 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა ანუ 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით, მთლიანობაში საბაკალავრო პროგრამებზე 565 სტუდენტით ნაკლები ჩაირიცხა, თუმცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა 2 017 სტუდენტით; კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა კი გაიზარდა 1 452 სტუდენტით.
"ეს დეფორმა რომ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს დააზარალებდა, ამაზე არაერთმა დაწერა. აგერ შალვა ტაბატაძემაც გამოაქვეყნა სტატისტიკა.
კი, აბიტურიენტები ხედავდნენ რისკს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელოვნურად შემცირებული ადგილების გამო ვერ მოხვდებოდნენ, მაგრამ ნაწილმა მაინც ვერ აირჩია კერძო უნივერსიტეტი გადასახადის გამო.
ასეთი აბიტურიენტები, განსაკუთრებით რეგიონებიდან, იაფფასიანი სამუშაო ადგილების ხარჯზე ახერხებდნენ სწავლას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რაც არ უნდა მოინდომო, "სპარში" მოლარეობით კერძო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. კარგად ვიცი, რასაც ვწერ, ძალიან რთულია სტუდენტისთვის სწავლა და სრული დატვირთვით მუშაობა - გამოცდილიც მაქვს;
მაგრამ მათთვის, ვინც შედარებით ხელმოკლე ოჯახიდანაა, ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა, თავი დააღწიო ძალიან უთანასწორო გარემოს.
სახელმწიფო და განათლების პოლიტიკა სწორედ ამისთვის გვჭირდება, თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას. "ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს" - ძალიან უსამართლო პასუხია, ძალიან!" - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ნინო დობორჯგინიძე.
ცნობისთვის: 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.
BM.GE
წყარო: bm.ge