მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ფულის სესხება მოხდება სწორედ ჩინური ბანკებიდან" - თინა ხიდაშელი ანაკლიის პროექტზე
"ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ფულის სესხება მოხდება სწორედ ჩინური ბანკებიდან" - თინა ხიდაშელი ანაკლიის პროექტზე

"ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ფულის სესხება მოხდება სწორედ ჩინური ბანკებიდან" - თინა ხიდაშელი ანაკლიის პროექტზე

BM.GE8 ივლისი, 2026, 21:48|bm.ge

"საპორტო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად საჭირო 200 მილიონი დოლარის მოზიდვა, სავარაუდოდ, ჩინური საფინანსო ინსტიტუტებიდან მოხდება, რადგან დასავლურ ორგანიზაციებში ქვეყნის მიმართ ნდობა შემცირებულია", - ეკონომიკის სამინისტროს მიერ ანაკლიის პორტის განვითარების მოდელის ცვლილებას და პროექტის ე.წ. "ლენდლორდის" მოდელზე გადაყვანას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ანალიტიკას" ეთერში აფასებს.

მისი შეფასებით, ახალი მოდელით სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების აღება სერიოზულ ფინანსურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შეიცავს, რომელთა შორის უმთავრესი ჩინურ სახელმწიფო ბანკებზე ფინანსური დამოკიდებულების გაჩენაა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, საპორტო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად საჭირო 200 მილიონი დოლარის მოზიდვა, სავარაუდოდ, ჩინური საფინანსო ინსტიტუტებიდან მოხდება, რადგან დასავლურ ორგანიზაციებში ქვეყნის მიმართ ნდობა შემცირებულია.

"საქართველომ გააკეთა განაცხადი, რომ ანაკლიის პორტი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უნდა აშენდეს, ნაცვლად იმ ინვესტორებისა, რომლებიც ფულს თავად დააბანდებდნენ და ამას ბიზნესპროექტად აქცევდნენ. ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ფულის სესხება მოხდება სწორედ ჩინური ბანკებიდან, იმიტომ რომ ჩვენ მიმართ განსაკუთრებული ნდობა დასავლელ საკრედიტო რესურსების გამცემთა შორის აღარ არსებობს", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, მსგავსი სესხების აღება ქვეყანას სუვერენული ვალის რისკის წინაშე აყენებს.

"თუ ჩინური ბანკების წინაშე მოხდა ამ ვალდებულებების აღება, არსებობს სხვადასხვა პორტთან დაკავშირებული უამრავი გამოცდილება აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, როდესაც ასეთ გარანტიებს სუვერენული ვალდებულება მიჰყვებოდა. ამის ტრაგიკული მაგალითებია ტაჯიკეთის მიერ პამირის მთებში ტერიტორიების დათმობა ვალის სანაცვლოდ, ან შრი-ლანკაში თავად პორტის გადაცემა ჩინელებისთვის", - ამბობს ის.

თინა ხიდაშელი გაუგებარს უწოდებს მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოდელის ცვლილების გადაწყვეტილება პოტენციურ ჩინელ ინვესტორთან (CCCC) შეთანხმებით იქნა მიღებული.

"კომპანია გამარჯვებულად ოფიციალურად არ გამოცხადებულა და არ არსებობდა ინფორმაცია ხელმოწერილი დოკუმენტების ან აღებული ვალდებულებების შესახებ. მიუხედავად ამისა, მინისტრი გვეუბნება, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება სხვა მოდელზე გადასვლის შესახებ. ეს თავისთავად აბსურდია, თუმცა ამის უკან ნამდვილად რაღაც დგას. ჩნდება კითხვა: რა შეთანხმება შედგა, რის ხარჯზე და რა მიზეზით?" - აღნიშნავს ხიდაშელი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი კრიტიკულად აფასებს სახელმწიფოს მიერ პორტის 100%-იანი მესაკუთრეობის იდეას და მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან გამოყენებული ტერმინოლოგია პოპულისტურია.

"მე მომხრე ვარ სახელმწიფოს მინიმალური მონაწილეობისა იმ ტიპის საქმიანობაში, რომელიც ბიზნესის კუთვნილება უნდა იყოს და სადაც ბაზარია მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ტერმინოლოგია, რომელსაც მინისტრი იყენებდა - რომ თითქოს ქვეყანას დარჩება პორტი - აბსურდია. სახელმწიფოსი იყო საბჭოთა კავშირშიც ყველაფერი და არ მგონია, ეს კარგი ამბავი ყოფილიყოს. სახელმწიფოსია ასევე ჩინეთშიც ყველაფერი და სწორედ ამიტომ დგას იქ დღეს არსებული პრობლემები", - განმარტავს თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, საქართველოს არ გააჩნია მსგავსი მასშტაბის პროექტების მართვისა და ტვირთნაკადების მოზიდვის გამოცდილება. ამასთან, რეგიონში იცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე, სადაც საქართველო მხარეს არ წარმოადგენს.

"ვინაიდან სატრანზიტო მარშრუტზე ექსკლუზივი არ გვაქვს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ისეთი კერძო ინვესტორის შემოსვლა, რომელიც თავად აიღებდა გარანტიას პორტის ოპერირებასა და მოგებიანობაზე. კერძო ოპერატორი იმიტომ არის მიმზიდველი, რომ თავად არის დაინტერესებული წარმატებით - არავინ დააბანდებს 600 მილიონს, თუ წინასწარ არ ექნება გათვლილი ტვირთბრუნვის სქემა. ამის არარსებობის პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ შესრულდეს რუსეთის ამოცანა: ანაკლია იქცეს ჩვეულებრივ, მეორეხარისხოვან პორტად, რომელიც მხოლოდ კრიზისის დროს იქნება გამოყენებული და არა მთავარ ხაზად აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე", - ამბობს ხიდაშელი.

იგი მიიჩნევს, რომ პროექტის მოდელის მორიგი ცვლილება მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურება.

"როგორც 2020 წელს გამოცხადებული ტენდერის დროს ვამბობდი, რომ ეს ფორმალობა იყო და შედეგი არ მოჰყვებოდა, ზუსტად ასევე დღეს გეუბნებით: ეს პორტი ივანიშვილის მმართველობის დროს არ აშენდება. თავარი ამოცანა არის ის, რომ ეს პორტი არ უნდა აშენდეს. ამ "ლენდლორდის" პრინციპის მთელი შედეგი ის იქნება, რომ ბოლოს გვეტყვიან - ან ფული ვერ მოიზიდეს, ან ვერ უზრუნველყვეს ქსელის შექმნა, რომელიც პორტის ოპერირებას შესაძლებელს გახდიდა, და ამიტომ კიდევ ახალ მოდელს შემოგვთავაზებენ", - ასკვნის თინა ხიდაშელი.

6 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებსა და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული. მინისტრის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.1 მილიარდი დოლარია, ხოლო ახალი მოდელის პირობებში სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს. დაფინანსება განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. ამასთან, კერძო კომპანიები საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებში განახორციელებენ ინვესტიციებს და პორტში მოიჯარე-ოპერატორების სტატუსით იფუნქციონირებენ.

ანაკლიის პორტის განვითარების მოდელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, 2014-2016 წლებში, პროექტი სრულად კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2022 წელს მთავრობამ ახალი მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის 51%-იან, ხოლო კერძო ინვესტორი 49%-იან წილს ფლობდა. ამ მოდელის ფარგლებში 2024 წელს უპირატეს მონაწილედ ჩინური CCCC დასახელდა, თუმცა მასთან შეთანხმება ვერ შედგა. 2026 წლის 6 ივლისს კი მთავრობამ მესამე მოდელი წარადგინა, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტი სრულად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება და „ლენდლორდის“ პრინციპით განვითარდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-მა Broadcom-თან $30-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Apple-მა Broadcom-თან $30-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE

ეგვიპტემ გიგანტური სამხედრო შტაბ-ბინა "ოქტაგონი" გახსნა, რომლის ზომაც პენტაგონს 37-ჯერ აღემატება

ეგვიპტემ გიგანტური სამხედრო შტაბ-ბინა "ოქტაგონი" გახსნა, რომლის ზომაც პენტაგონს 37-ჯერ აღემატება

BM.GE

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 65-მდე თევზმახე - ზედამხედველობის დეპარტამენტი

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 65-მდე თევზმახე - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვან ობიექტებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვან ობიექტებზე იერიში მიიტანა

BM.GE