
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელი უკრაინული მარცვლეულის მითვისებაში დაადანაშაულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის შესყიდვის გამო საჯაროდ გააკრიტიკა.
იგი მიიჩნევს, რომ "ნაქურდალი" საქონლის შეძენა სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა ითვალისწინებდეს და გამონაკლისი არც ისრაელი უნდა იყოს. ზელენსკიმ ნეთანიაჰუს კაბინეტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია იმ გემებისა და ტვირთების შესახებ, რომლებიც ქვეყნის პორტებში შევიდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინამ აქტიურად დაიწყო მუშაობა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ და ამით სარგებელს იღებდნენ. ოფიციალური კიევი ამ მხრივ დაზვერვის მონაცემებს დაეყრდნობა.
ცნობისთვის, ჰაიფას ყურეში გასულ კვირას პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Panormitis-ი შევიდა, სადაც, უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მოპარული ტვირთი ინახებოდა. საზღვაო მიმოსვლის მონიტორინგის სამსახურის თანახმად, ხომალდი ისრაელის სანაპიროსთან ამ დრომდე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში ჰაიფაში ასევე შევიდა რუსული გემი Abinsk-ი, სადაც 44 000 ტონა უკრაინული ხორბალი იყო განთავსებული. ისრაელური გამოცემა Haaretz-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ისრაელში მოპარული მარცვლეულის სულ მცირე ოთხი პარტია ჩავიდა.
ბოლო ცნობების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ ისრაელის მთავრობა დიპლომატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა და ნეთანიაჰუს კაბინეტს მოუწოდა, არ დაუშვას ხომალდებზე არსებული ტვირთის გადმოცლა.
შექმნილი ვითარების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიბარა ისრაელის ელჩი, მაიკლ ბროდსკი. უწყების ხელმძღვანელმა, ანდრიი სიბიჰამ ისრაელის მხრიდან წინა ინციდენტზე ადეკვატური რეაგირების არარსებობას "გაუგებარი" საჯაროდ უწოდა.