
ვცდილობ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ საქართველო EU-ის წევრობამდე ახლოს მივიყვანო - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ცდილობს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე ახლოს მიიყვანოს. ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ პასუხობს და მისთვის საქართველოში ევროკავშირის ელჩობა პატივია. ჰერჩინსკიმ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს დრო იწურება.
„ეს ღია ღონისძიებაა, ჩვენ ყველა მოვიწვიეთ. ნახავდით პოსტერებს ქალაქში და ღია რეკლამებს სოციალურ ქსელებში. ყველას, ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს და ევროპის დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნოს. მე არ ვაკეთებ კომენტარს ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე. მაქვს დიდი პატივი წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში და ვასრულებ ჩემს საქმეს ჩემი შტაბბინიდან მიღებული ინსტრუქციების საფუძველზე. ვცდილობ, გამოვიყენო ყველა ჩემი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველო მივიყვანო ახლოს ევროკავშირის წევრობამდე, რადგან ეს ის არის, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს. ეს ის არის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს და ის არის, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.
ჩვენ ველოდებით, საქართველოს დრო იწურება, ვკარგავთ დროს... მჯერა და ვხედავ პოზიტიურ ნაბიჯებსაც - ამაზეც მინდა ვთქვა, ფაქტი, რომ ბოლოს და ბოლოს პოლიციელები დააკავეს ძალადობისთვის, რომლებიც დემონსტრაცეიბზე ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვეწინააღმდეგებით ძალადობას, გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპელ დიპლომატს "ტრაგიკული პიროვნება" უწოდა და "ევროპის დღის" აღნიშვნის ღონისძიებაზე თქვა, რომ "დიდ ღირებულებას" არ ატარებს. მან განაცხადა, რომ ელჩს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭების დავალება ჰქონდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ ვისგან.