
WB-ის $35-მილიონიანი მხარდაჭერა ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას - თურნავა
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის ჯანსაღი და საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბანკო სექტორისადმი ნდობის განსამტკიცებლად“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო ფონდისთვის დაფინანსების გამოყოფის დამტკიცების ღონისძიებაზე.
საქმე ისაა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირობითი დაფინანსება - ე.წ. საკრედიტო ხაზი გახდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული რესურსი საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას მოხმარდება.
შესაბამის სასესხო შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ იქნება გამოყენებული. მისი ამოქმედება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში - როდესაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის რეზოლუციის გადაწყვეტილებას მიიღებს და პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება.
„ეს პროექტი ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი რეზოლუციის არსებული მექანიზმი ეფექტიანია, შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური ბანკის შესაძლო ფინანსური სირთულეების წარმატებული და დროული მართვისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის განმარტებით, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმი იქნება იმ პერიოდამდე, ვიდრე ფონდი საკუთარ სამიზნე მოცულობას მიაღწევს. მისი გამოყენება მხოლოდ კანონით დაშვებული სარეზოლუციო ღონისძიებებისთვის იქნება შესაძლებელი.
სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის არის შექმნილი. მისი მიზანია პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის გადამხდელთა რესურსების გამოყენების აუცილებლობა.
საბანკო რეზოლუცია კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ალტერნატიული მექანიზმია და ითვალისწინებს ფინანსური პრობლემების მქონე ბანკის რესტრუქტურიზაციას ისე, რომ შენარჩუნდეს მისი კრიტიკული ფუნქციები - მათ შორის დეპოზიტების მიღება, სესხების გაცემა და საგადახდო მომსახურებები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სარეზოლუციო ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 55 მილიონი ლარია მობილიზებული. ბანკების შენატანების აკუმულირება 2025 წლიდან დაიწყო, ხოლო ფონდის სამიზნე მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების 3%-ს შეადგენს, რომლის მიღწევაც მოქმედი გეგმის მიხედვით 2032-2033 წლებშია დაგეგმილი.
სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ხოლო ფონდის თანხების ინვესტირებას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო.
BM.GE
წყარო: bm.ge