
Winston-ისა და Camel-ის მწარმოებელი Japan Tobacco-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა - რა გახდა მიზეზი?
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ Japan Tobacco International-ის აქტივების ჩამორთმევის შემდეგ, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 32%-ზე მეტით დაეცა.
ბირჟის მონაცემებით, გაყიდვის ორდერების ჭარბი რაოდენობის გამო სავაჭრო სესიაზე ტრანზაქციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.
როგორც ირკვევა, აქციების მასობრივი გაყიდვა ინვესტორებში რუსული ბაზრის მასშტაბმა განაპირობა. ინფორმაციისთვის, ამ ქვეყანაზე JT Group-ის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 10%, ხოლო საოპერაციო მოგების თითქმის 25% მოდის.
ინფორმაციისთვის, პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, JTI-ის ოთხი საწარმოს მართვა რუსულ კომპანია Industrial Assets-ს გადაეცა. ეს სტრუქტურები რუსეთის თამბაქოს ბაზრის დაახლოებით 40%-ს აკონტროლებენ. მათ საწარმოო ხაზებზე კი ისეთი გლობალური ბრენდები იწარმოებოდა, როგორებიც Winston-ი და Camel-ია.
აღსანიშნავია, რომ ტოკიომ მოსკოვის ამ ნაბიჯს მყისიერი დიპლომატიური პროტესტით უპასუხა. იაპონიის ფინანსთა მინისტრ საცუკი კატაიამას განცხადებით, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.
რაც შეეხება მოსკოვის მოტივაციას, კრემლის ოფიციალურ დოკუმენტში აქტივების ექსპროპრიაციის კონკრეტული საფუძველი მითითებული არ არის. თუმცა, როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს იმ „არამეგობრული ქვეყნების“ მიმართ იჩენს, რომლებიც სანქციებს მხარს უჭერენ და უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იაპონია უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ორმხრივი დაძაბულობა რუსეთში იაპონელი ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებამ კიდევ უფრო გაამწვავა. ვითარება გაართულა სადავო კუნძულებზე ვლადიმირ პუტინის ვიზიტმაც.
ამას გარდა, მოსკოვმა იაპონური კომპანიის მიერ უკრაინისთვის დრონების მიყიდვას „მტრული ნაბიჯი“ უწოდა და ტოკიო მკაცრი საპასუხო ზომების შესახებ გააფრთხილა.
ცნობისთვის, Japan Tobacco-მდე მოსკოვმა დროებით მმართველობაში Nestle-ს, Metro AG-ისა და Auchan-ის რუსული აქტივებიც გადაიყვანა.
BM.GE
წყარო: bm.ge