
ყაზახეთმა უცხოელებისთვის ქვეყანაში შესვლის ელექტრონული ნებართვის სისტემა აამოქმედა
ყაზახეთის მთავრობამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის წესებში ცვლილებები შეიტანა.
ახალი დადგენილებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, ისევე როგორც იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებთანაც ყაზახეთს უვიზო მიმოსვლის ორმხრივი შეთანხმება აკავშირებს, ქვეყანაში შესასვლელად ელექტრონული ნებართვის მიღება დაევალებათ.
ციფრული სისტემის დანერგვა ეტაპობრივად მოხდება და დოკუმენტი თავდაპირველად 180 კალენდარული დღის ვადით გაიცემა. 2027 წლის 1-ელი ივლისიდან ეს ნებართვა სავალდებულო გახდება, რის გამოც დოკუმენტის არქონა ყაზახეთში შესვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძველს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით ნებართვას შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად უფასოდ გასცემს. მსურველებმა განაცხადი ყაზახეთში ჩასვლის სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე უნდა წარადგინონ.
ოფიციალური შეფასებით, ახალი მექანიზმი სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას, მიგრაციული კონტროლის გაუმჯობესებასა და ციფრული გადაწყვეტების მეშვეობით შესვლის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ელექტრონული ნებართვის მიღების ვალდებულებისგან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიები გათავისუფლდებიან. გამონაკლისთა ჩამონათვალში უცხო სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები შედიან. ანალოგიური შეღავათი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებზე, პარლამენტარებზე, სამთავრობო პირებსა და ყაზახეთის საპატიო კონსულებზეც გავრცელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge