
"ყეინიშვილის საქმე" სინამდვილეში ბაჩიაშვილის და ივანიშვილის დიდი ომის ნაწილია" - რატომ დუმდა სუს-ი 2 წელი|მოსაზრება
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის გარშემო აგორებული სისხლის სამართლის სკანდალი და სებ-ის განცხადება, თითქოს „ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო“, რეალურად აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია.
BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ნანა ყეინიშვილის ირგვლივ ატეხილი „საპნის ოპერა“ ფარავს ბევრად მასშტაბურ პროცესს - ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ დიდ დაპირისპირებას.
რომან გოცირიძის აზრით, ამ საქმეში მთავარი ფიგურა სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია, ხოლო ცენტრალური ბანკის მენეჯმენტი და სუს-ი მხოლოდ არაფორმალური მმართველის ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.
„გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს ექსკლუზიურად ბიძინა ივანიშვილი... ნანა ყეინიშვილის ამბავი რაღაც საპნის ოპერასავით არის, თურმე ეს ქალი ვიღაცას ატერორებს - წილი მომეციო... რეალურად რაც ხდება, ეს ყველაფერი აღწერილია 3 თვის წინ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში [„რადიო თავისუფლება“], სადაც ნანა ყეინიშვილზე საერთოდ არ არის საუბარი. საგამოძიებო სტატია თავიდან ბოლომდე მიმართულია გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
2026 წლის ივლისში, "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიაში საუბარია იმაზე, რატომ „ვერ ხედავს“ ეროვნული ბანკი იმ დარღვევებს, რომლებიც ბაჩიაშვილთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტის გადამცვლელ (კრიპტომატების) ქსელს უკავშირდება. საგამოძიებო მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტი კრიპტოკომპანია "ბიტექსჩეინჯის" დირექტორი ნინო ქოპილაშვილია. ის აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიების მიერ შესაძლო კანონდარღვევების შესახებ წერილებს სებ-ში აგზავნიდა, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.
კომპანია "ბიტექსჩეინჯი" ფიგურირებს ეროვნული ბანკის სებ-ის საბჭოს სკანდალურ საქმეში. ისევ "რადიო თავისუფლების" გამოძიების თანახმად, სწორედ ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით ნანა ყეინიშვილი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და ამჯერად საქმეს პროკურატურა იძიებს.
"ბიტექსჩეინჯის” მენეჯმენტმა 10 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა იცოდა მათი პირდაპირი კონკურენტის - გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული შპს "კრიპტომატის" მიერ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის წესების დარღვევის შესახებ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია, რითაც „ბიტექსჩეინჯი“ არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ სებ-ის მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის შესაძლო კანონდარღვევებზე თვალის დახუჭვა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ნებას უკავშირდება.
„ნათია თურნავა ვერასდროს ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ თემებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება. შესაძლოა, სებ-ი გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიების მიმართ იმიტომ არ ითხოვდა მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომ ეს ჯდებოდა გიორგი ბაჩიაშვილი-ბიძინა ივანიშვილის მორიგების ჩარჩოში. შესაძლებელია, ეროვნულ ბანკს უთხრეს, რომ ამ კაცმა ყველაფერი გაგვიკეთა, კრიპტოვალუტები დააბრუნა და მოდი, შევეშვათო… [ბიძინა ივანიშვილი], რა თქმა უნდა, პირდაპირ არ ერევა ეროვნული ბანკის საქმიანობაში და ამას მთავრობაც “კარგად” აკეთებს, მაგრამ ის, რაც გიორგი ბაჩიაშვილს ეხება, მომხდარი ამბებიდან გამომდინარე, მის გარეშე არ წყდება”, - ამბობს რომან გოცირიძე, რომლის თქმითაც, სუს-ი სწორედ იმის გამო გაჩერდა, რომ საქმე გიორგი ბაჩიაშვილს ეხებოდა - თემას, სადაც საბოლოო სიტყვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
“წერტილთან” ინტერვიუში რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის “ბიტექსჩეინჯის” 572 მილიონი ლარით დაჯარიმებაც შეაფასა და თქვა, რომ ეს ნაბიჯი იმ კომპანიის დასჯის მცდელობაა, რომელმაც ნანა ყეინიშვილის საქმიანობის და სებ-ის უმოქმედობის მხილება გაბედა.
“ეროვნული ბანკის განცხადება, რომ “ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო” - ამაში ეჭვიც არ მეპარება, მას თავისი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ნათია თურნავამ ეს რომ იცოდა და მალავდა, ეს არის მთავარი… როდესაც იცი და ამას მალავ... ვინ მალავს - ნათია თურნავა? რა თქმა უნდა, არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს. ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ არ ჩაერევა იმაში, ორ კრიპტოკომპანიას შორის კონკურენტულ დავაში ვის მხარეს დადგეს, თუმცა მაშინაც კი, თუ ბაჩიაშვილის მიმართ პრეტენზიები სამართლიანია, მას იდენტიფიკაციის მოთხოვნებს იმიტომ არ უყენებენ, რომ მის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება იმ მორიგების ჩარჩოებში ჯდება, რომლითაც ივანიშვილმა თავისი კრიპტოვალუტა დაიბრუნა”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ნანა ყეინიშვილის სკანდალი და სებ-ის შერჩევითი მარეგულირებელი პოლიტიკა უდიდეს რეპუტაციულ დარტყმას აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას.
„ეს არის უდიდესი ლაქა ეროვნული ბანკისთვის... ეროვნულ ბანკში უნდა დავასრულოთ მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტობა - ერთ დროს დეპარტამენტი იყო და ახლა განყოფილების დონეზე ჩამოლაბორანტდა. უნდა დავასრულოთ ეროვნული ბანკის არათავისუფლება!“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge