მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს... სახელმწიფოს ბრალია, რომ გლეხს გაფუჭებულ ყურძენში ₾1.5-ს უხდიდა“ | „ნეკრესი“
„ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს... სახელმწიფოს ბრალია, რომ გლეხს გაფუჭებულ ყურძენში ₾1.5-ს უხდიდა“ | „ნეკრესი“

„ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს... სახელმწიფოს ბრალია, რომ გლეხს გაფუჭებულ ყურძენში ₾1.5-ს უხდიდა“ | „ნეკრესი“

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 01:30|bm.ge

„ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს“, - ამის შესახებ მეღვინეობა „ნეკრესის“ თანადამფუძნებელმა ოთო ტაბატაძემ BM.GE-სთან მიმდინარე წლის ყურძნის მოსავლის ხარისხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბუნებრივი და კლიმატური პირობების გაუარესებამ ყურძენზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

მისი თქმით, წელს ყურძენს მაღალი შაქრიანობა არ აქვს, მოსავალი სათანადოდ არ დამწიფებულა, დაზიანებულია და გამხმარია ფოთოლიც, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც აისახება.

„მოსავალზე შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ ბუნებრივი, გლობალური ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, რა თქმა უნდა, ყურძენს აქვს პრობლემები, სერიოზული პრობლემები. არ არის მაღალი შაქრიანობა ყურძენში, არ მოიწია ყურძენმა ისე სათანადოდ, ფოთოლი არის გამხმარი, დაზიანებული და ეს, რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზეც აისახება“, - აცხადებს ოთო ტაბატაძე.

„ნეკრესი“ მცირე საწარმოა და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით ყურძენს არ იბარებს. კომპანია გარდა საკუთარი ვენახებისა, წლიურად დაახლოებით 30-40 ტონა ყურძენს იღებს. მეღვინეობის პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ლიტვასა და ლატვიაში იყიდება. ტაბატაძის თქმით, ამ ბაზრებზე გაყიდვების მოცულობა მცირეა, რასაც ღვინის მაღალი ფასიც განაპირობებს.

„ჩვენ გვაქვს მცირე საწარმო, პატარა საწარმოა და დიდ რაოდენობებს არ ვიბარებთ, რადგან ექსპორტს ვახორციელებთ სულ რამდენიმე ქვეყანაში, არა რუსეთში. სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე, როგორიც არის სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, დიდი რაოდენობის ღვინო არ იყიდება. თან, ჩვენი ღვინის ფასი, ერთი ბოთლის ფასი, საშუალოდ 6-დან 8 ევრომდე გამოდის. აქედან გამომდინარე, გაყიდვების მოცულობაც გვაქვს ძალიან პატარა. შესაბამისად, ყურძენსაც ვიბარებთ ძალიან პატარა რაოდენობით, დაახლოებით 30-40 ტონას“, - ამბობს ის.

მეღვინეობის წარმომადგენელი მიმდინარე რთველის ფონზე მევენახეების პროტესტსაც აფასებს და ამბობს, რომ ყურძნის დაბალ ფასზე უკმაყოფილება იმ პრობლემებს უკავშირდება, რომლებიც სექტორში წლების განმავლობაში დაგროვდა.

„ახლა რეალურად რაც ხდება, ის არის, რომ გლეხები ფასს აპროტესტებენ, ხომ? ეს იგივეა, რომ, მაგალითად, ჩვენ ნეკრესში სასტუმრო გვაქვს, 25 ნომერი გვაქვს და რესტორანიც გვაქვს. მე რომ ნეკრესში ნომერი ვერ გავყიდო და ამის გამო გზა გადავკეტო. იგივეა, რა.

ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომ მიაჩვია ეს გლეხი, გაფუჭებულ ყურძენში ფულს რომ უხდიდა, ლარ-ნახევარს, ხომ? ამან საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად იმოქმედა ღვინის საფასო პოლიტიკაზეც. ამ პრობლემას ვიღებთ დღეს - დაბალი ხარისხის ყურძენში გლეხი ითხოვს თანხას. იმანაც რა ქნას, ხომ? ახლა თვითღირებულებაზე დაბალ თანხას ქარხანა უხდის. მიუღებელია მისთვის, მაგრამ, თავისუფალი ბაზარი უნდა იყოს“, - აცხადებს ოთო ტაბატაძე.

მისი თქმით, კლიმატურ პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და მსგავსი გამოწვევები ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. თუმცა, მისი შეფასებით, იქ მევენახეობის განვითარებასა და დაავადებებთან ბრძოლაზე მეტი ყურადღება ექცევა.

"თავისუფალი ბაზარი უნდა არსებობდეს. გეტყვით პირდაპირ, ევროპაშიც არ არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ იქ სახელმწიფო არ ერევა და სახელმწიფო არ უხდის გლეხს. ვგულისხმობ იმას, რომ ბუნებრივი, ანუ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემა საფრანგეთშიც არის, გერმანიაშიც არის და ასე შემდეგ. მაგრამ იქ ისე უვლიან და ისეთ ჩარევებს ახორციელებენ, რომ ასე თუ ისე ყურძნის ხარისხზე იმდენად არ აისახება და აქ არ გვაქვს ეგ კულტურა. არ გვინდა, რომ გავიზარდოთ. ისევ, ისევ წამლით, როგორც ვწამლიდით 20 წლის წინ, დიდად რადიკალურად არაფერი არ იცვლება, არ პროგრესირებს მევენახეობის დარგი. მერე სახეზეა ასეთი პრობლემები.

ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი დარგია და სულ მუდმივად არის რაღაც გამოწვევები ბუნებაში, ახალი დაავადებები ჩნდება და იმის შესაბამისად უნდა განახლება, რომ იმ ახალ დაავადებასთან გავუმკლავდეთ. როგორც მედიცინაში ახალი წამალი შემოდის, რომელიც, ვთქვათ, რაღაც ვირუსებისთვის არის და ასე შემდეგ, აქაც ანალოგიურია. ამის გაკეთება კი გლეხს არ უნდა", - ამბობს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

ტაბატაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დახმარებების არსებული პრაქტიკაც პრობლემის ნაწილია, რადგან, მისი თქმით, სუბსიდირების შედეგად მევენახე სახელმწიფო მხარდაჭერაზე ხდება დამოკიდებული, მაშინ როცა დაბალი ხარისხის ყურძნის შეძენა კერძო კომპანიებისთვის ფინანსურ ტვირთად რჩება.

„არ გვაქვს ამის კულტურა და უყურებს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფომ მერე ფული მისცეს. და სახელმწიფო რომ ფულს აძლევდა შარშან, შარშანწინ, იმის წინ, ამით იზარალებდა კერძო კომპანია“, - აცხადებს ის.

მისივე შეფასებით, სექტორში არსებული პრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხია : „ეს ყველაფერი არის ის, რომ 80% ექსპორტირდება რუსეთში 1 დოლარიანი ღვინო. ეს სანამ რაღაცნაირად არ შეიცვლება, რაღაცნაირად სხვა ევროპის, აზიის ბაზრებზე არ გავაკეთებთ ფოკუსს, მანამდე არაფერი არ შეიცვლება, გამოსავალი არ იქნება. მომავალ წელსაც იგივე იქნება, იმის მერეც იგივე იქნება“, - ამბობს ოთო ტაბატაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„კოოპერატივების შექმნით ყველაფერი შეიძლება ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - მეღვინე რთველის გამოწვევებზე

„კოოპერატივების შექმნით ყველაფერი შეიძლება ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - მეღვინე რთველის გამოწვევებზე

BM.GE

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

როგორ ვითარდება Sairme Glampings-ი და რა მოლოდინებია ზამთრის სეზონზე?

როგორ ვითარდება Sairme Glampings-ი და რა მოლოდინებია ზამთრის სეზონზე?

BM.GE

მკვლევრების თქმით ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა ნეფერტიტის საფლავი იმალებოდეს

მკვლევრების თქმით ტუტანხამონის სამარხის მიღმა შესაძლოა ნეფერტიტის საფლავი იმალებოდეს

BM.GE