
ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით შესაბამისი პროგრამები გვაქვს - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით აქვს შესაბამისი პროგრამა.
სამინისტროს ცნობით, მან აგრარული დარგის განვითარების ხედვაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი გავლილია და ახლა შემდგომი ფაზა იწყება.
„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება.
აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება, რომ დღეს ამ ფორმაზე და შინაარსზე გვესაუბრა და ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ფაქტობრივად იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა იმისთვის, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას, იმპორტი ჩანაცვლდეს და ექსპორტზეც ადვილად გავიტანოთ. ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, ესეც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებით მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილის თქმით, საქართველოს აქვს არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა, არამედ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს უპირატესობა საექსპორტო ბაზრებისთვის გახდეს საინტერესო.
„საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი მასობრივი პროდუქციის წარმოებაში. თუმცა ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი სექტორია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის განსაზღვრა. აქამდე ამისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც გარკვეული საფუძველი მისცა ახალი პროექტის ჩამოყალიბებას. აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობაში ჩართულები იყვნენ დარგის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. გაზიარებული გვაქვს მცირემიწიანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. პროექტი ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მაქსიმალურად მცირე დროში მისცემს შედეგს თითოეულ ფერმერს. გასულ წელს ყველა რეგიონში გვქონდა შეხვედრები ფერმერებთან, გამოიკვეთა არაერთი საჭიროება მათი მხრიდან და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება მათ საჭიროებებიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.