
"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია" - ილია ინჯია
დეპუტატი ილია ინჯია მიიჩნევს, რომ ვაჭრობის სფეროს რეგულაციები სჭირდება, რის გამოც "ფასების საპარლამენტო კომისიის" დასკვნას მხარს უჭერს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისიის დასკვნაში გაწერილია ის მთავარი რეკომენდაცია, რაც ბაზარზე მაკონტროლებელი ინსტიტუტის გაჩენას გულისხმობს.
ილია ინჯიას შეფასებით, ვაჭრობის სფეროში ბაზრის "თავისუფლებამ" არაერთი პრობლემა წარმოშვა და იგი მიიჩნევს, რომ ახალმა რეგულაციებმა ოქროს შუალედი უნდა იპოვოს ბიზნესის უწყვეტობასა და არსებულ სოციალურ რეალობას შორის.
"ყველა ვთანხმდებით, რომ ვაჭრობის სფეროს სჭირდება რეგულაცია. ამ დასკვნაში ზუსტად ეს რეკომენდაცია დევს და ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია, რომლითაც დღეს შეგვიძლია რეალურად დავიწყოთ მუშაობა, რომ შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანო, ან ეს ფუნქცია მიენიჭოს რომელიმე ინსტიტუტს. მთავარია, მარეგულირებელი არსებობდეს ამ სფეროში.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ ამ სფეროს თავისუფლებამ შეცდომების დაგროვების პრობლემა მოიტანა. ამიტომ, მარეგულირებელი კომისია იქნება თუ ანტიმონოპოლიური სამსახური, მისი საქმე და ამოცანაც ის იქნება, რომ უფრო სიღრმისეულად, არგუმენტირებულად მიიღოს ის რეგულაციები, რომლებიც არ დაარღვევს არც ბიზნესის მხარეს, რომ არ ჩამოგვენგრას ეს უმნიშვნელოვანესი სფერო და ამავდროულად, აუცილებლად გათვალისწინებული იყოს ჩვენი სოციალური რეალობა, რაც დღეს გვაქვს“, - აცხადებს ილია ინჯია.
დეპუტატმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად მცირე სახელმწიფო ქარხნის შექმნის ინიციატივა გააჟღერა. ინჯიას განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მომავალი მარეგულირებლის პრეროგატივა უნდა იყოს.
"ამ გადმოსახედიდან, ამ ეტაპზე ამ დასკვნას მხარს ვუჭერ, რადგან მასში ზუსტად ეს არის გათვალისწინებული. მქონდა კიდევ ერთი პოზიცია, რაც მედიკამენტების მიმართულებას ეხებოდა - ყველა სფეროში ერთი და იგივე კომპანიები მოქმედებენ, ჩვენ ეს დავინახეთ და ამასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება დარეგულირება. ჩემი გადმოსახედიდან, ამის დარეგულირების საუკეთესო გზა იქნება პატარა სახელმწიფო ქარხნის არსებობა. ეს ამ დასკვნაში არ არის, მაგრამ ეს ზუსტად იმ მარეგულირებელი კომისიის თუ ორგანოს გადასაწყვეტი იქნება, რომელიც ამით დაკავდება", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, "ფასების საპარლამენტო კომისიის" დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა წარადგინა.
დასკვნა გასული სამი თვის განმავლობაში კომისიაზე მოსმენილ სურსათის მწარმოებლების, რიტეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების განცხადებებს ემყარება.
BM.GE
წყარო: bm.ge