
ყველაფერი, რაც მასკის მფრინავი მანქანის, Roadster-ის შესახებ უნდა იცოდეთ
უპილოტო ავტომობილისა და უსაჭო ტაქსის შემოქმედმა ტრილიონერმა ანტრეპრენერმა, ილონ მასკმა მსოფლიო მორიგ ჯერზე გააოცა და ამჯერად მფრინავი მანქანა შექმნა.
ცხრაწლიანი ლოდინის, არაერთგზის გადავადებული პრეზენტაციისა და დახარჯული მილიონობით დოლარის შემდეგ, მასკმა ტეხასში, SpaceX-ის ბაზაზე, Tesla Roadster-ი საბოლოოდ წარადგინა.
ავტომობილი, რომელიც უბრალოდ კი არ დადის, არამედ - დაფრინავს. თანაც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ამ სტატიაში დეტალურად შემოგთავაზებთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც Tesla-ს ახალი ტიპის ტრანსპორტის შესახებ უნდა იცოდეთ.
როგორც გავლენიანი გამოცემა WSJ წერს, ის, რაც SpaceX-ის სატესტო პოლიგონზე მასკმა წარადგინა, უფრო კოსმოსური ხომალდის გამოცდას ჰგავდა, ვიდრე ტრადიციულ საავტომობილო პრეზენტაციას.
ახალი, Cybertruck-ივით მკვეთრი დიზაინის მქონე Roadster-ი სპეციალურად აგებულ, უკუღმა მოხრილ პლატფორმაზე ავიდა, თავდაყირა დაეკიდა, შემდეგ ჰაერში აიჭრა, ამოტრიალდა და ასფალტზე რბილად დაეშვა. ამასთან, დემონსტრაციისას მან Tesla-ს ხუთ სხვა მოდელს - მათ შორის Cybercab-ს, Cybertruck-სა და სატვირთო Semi-ს - პირდაპირ გადაუფრინა.
საინტერესო ფაქტია, რომ ამჯერად Tesla-ს ინჟინრებმა ავტომობილი არა დამოუკიდებლად, არამედ SpaceX-ის სპეციალისტებთან ერთად ააგეს.
იმ შედეგის მიღწევისთვის, რასაც მანქანის უკუღმა, ჰაერში გაჩერება ერქვა, მათ ერთად შექმნეს და მანქანის ძირზე დაამონტაჟეს მრავალრეჟიმიანი ვენტილატორებისა და ჰერმეტიზაციის სისტემა, რომელიც ავტომობილის ქვემოდან ჰაერს ისრუტავს და ისეთ ვაკუუმურ მოჭიდებას ქმნის, რომ მანქანას გაჩერებულ მდგომარეობაშიც კი შეუძლია თავდაყირა გაჩერდეს. აღსანიშნი ფაქტია, რომ საუბარია 2-ტონიან ტრანსპორტზე.
საინტერესოა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის ინჟინრებმა წონის შესამცირებლად გამოიყენეს მაგნიუმი, ტიტანი და ნახშირბადის ბოჭკო, ხოლო სავარძლები დააფიქსირეს. ამასთან, საჭის მართვის სისტემა სრულად ელექტრონულად აეწყო. ვიზუალურ დეტალებს რაც შეეხება, მანქანას დაუყენეს დამალული ფარები, გააფორმეს აეროკოსმოსური საფარით შთაგონებული თეთრი საღებავით და ოქროსფრად დაბურული მინებით.
აღნიშვნას იმსახურებს ამ ავტომობილის მთავარი განმასხვავებელი - ეწ. თრასთერები, ანუ შეკუმშული ჰაერის რეაქტიული ძრავები, რომლებმაც ჰაერში ფრენა, ტრიალი და რბილი დაშვება გახადეს შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ზუსტად ამავე ნაწილებს SpaceX-ი საკუთარი რაკეტების ორბიტაზე სამართავად და საკონტროლებლად იყენებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა მონაცემები აქვს ავტომობილს და რა კონფიგურაციებით იგეგმება მისი გამოშვება. მასკის Tesla მომხმარებელს 3 სრულიად განსხვავებულ ვერსიას შესთავაზებს და თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან რიგი პარამეტრებით იქნება გამორჩეული.
პირველია საბაზისო Performance ვერსია - ის ორადგილიანია, განკუთვნილია გზებისთვის, აღჭურვილია აქტიური აეროდინამიკითა და ვაკუუმური მოჭიდების სისტემით. ის 1.6 წამზე ნაკლებ დროში 96 კილომეტრ/საათამდე ჩქარდება.
მეორეა სარბოლო Thrust ვერსია - ასევე ორადგილიანი, რომელსაც უკანა ნაწილში ცივი აირის რეაქტიული ძრავები აქვს ჩამატებული - 100 კილომეტრ სიჩქარეს 0.8 წამში აღწევს. ინფორმაციისთვის, მსგავსი აჩქარება სტანდარტულ ტრასებზე ნებადართული არ არის.
აი, რაც შეეხება მესამე, ყველაზე ექსტრემალურ Rocket ვერსიას, რომელმაც ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია, ის მხოლოდ ერთადგილიანია. მას წინ და ზემოთ აჩქარებისთვის, ასევე ჰაერში ბრუნვისთვის მთლიან პერიმეტრზე რეაქტიული ძრავები აქვს დამონტაჟებული და 96 კმ/სთ-ს 0.6 წამზე ნაკლებ დროში აღწევს.
რაც შეეხება გავლის რესურსს, სამივე ვერსიას ერთი დამუხტვით 480 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კილომეტრ საათს გადააჭარბებს. სხვათა შორის, თავად მასკი ირწმუნება, რომ Thrust ვერსიამ შესაძლოა ლამის ბგერის სიჩქარის ნახევარს - საათში 616 კილომეტრს მიაღწიოს.
დასასრულს, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვებს, თუ რა ეღირება ეს ავტომობილები, იქნება თუ არა ისინი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და თუ კი - როდის.
საინტერესო ფაქტია, რომ პრეზენტაციაზე შეკრებილ მაყურებლებს, რომლებიც მასკს პირდაპირ სცენიდანვე სთხოვდნენ საბოლოო ფასის დასახელებას სთხოვდნენ, CEO-სგან პასუხი არ მოუსმენიათ. შესაბამისად, Tesla-ს ოფიციალური ღირებულება გასაჯაროებული არ აქვს. თუმცა, როგორც WSJ წერს, ბაზრის მოლოდინია, რომ ის $250,000 გადააჭარბებს და კონკურენციას Ferrari-ს, Lamborghini-სა და Porsche-ს სუპერქარებს გაუწევს.
რაც შეეხება მისი გამოსვლის თარიღს, მასკი პირობას დებს, რომ სერიული წარმოება ტეხასის ქარხანაში 2028 წელს დაიწყება. ოღონდ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. Performance ვერსია წინასწარი ჯავშანით გაიყიდება, Thrust-ი ლიმიტირებული რაოდენობით, ხოლო მფრინავი Rocket-ი - მხოლოდ სპეციალური მიწვევით.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში თუ ტრასებზე მფრინავი Tesla ჯერ არ გამოჩნდება. სხვათა შორის, თავად კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ავტომობილი საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის ნებართვას არ ფლობს. მეტიც, მასკი პირდაპირ აფრთხილებს მყიდველებს, რომ თუ მათი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, ამ მანქანას არ უნდა გაეკარონ.
BM.GE
წყარო: bm.ge